მარგველაშვილმა პირველ ბრძოლაში გაიმარჯვა, ნოზაძე ტურნირს გამოეთიშა [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს ლისაბონში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე დღეს საქართველოს ნაკრების ღირსების დასაცავად ხუთი ძიუდოისტი გამოვიდა.
66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა პირველი შეხვედრის დასაწყისში ესპანელ ძიუდოისტთან ვაზარი გაუშვა, ხოლო შემდეგ სიტუაცია გამოასწორა და შესანიშნავი ილეთით სუფთა გამარჯვება მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატი ცუდად დაიწყო და ტურნირს გამოეთიშა ახალგაზრდა თემურ ნოზაძე (60). მან პირველივე შეხვედრა ისრაელის წარმომადგენელთან დათმო.
დღეს წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ. დღევანდელი ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟზე მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი იმუშავებს.