მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში | ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს [ვიდეო] #1TVSPORT

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) რეპეშაჟში მონღოლი ბატოხტოხი შებოჭვით დაამარცხა და ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის იტალიელ მატეო პირასს დაუპირისპირდება.

დღეს ტურნირზე გამომსვლელი სამი ქართველი – ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი (ორივე – 73 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) შეჯიბრს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ დღეს 60 კგ-ში მოასპარეზე 20 წლის ქართველი გიორგი სარდალაშვილი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

მსოფლიო პირველობაზე ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.