„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რანდალ კოლო მუანის შესაძენად 60 მილიონი გაამზადა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, 60 მილიონი ევრო გადაიხადოს „აინტრახტის“ ფორვარდისთვის, რანდალ კოლო მუანისთვის, – წერს გაზეთი „ეკიპი“.
კრიშტიანო რონალდოსთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ „იუნაიტედს“ ახალი ფორვარდი სჭირდება, მაგრამ, კლუბის მფლობელის პოტენციური ცვლილების გამო, მანჩესტერელებს არ შეუძლიათ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას დიდი თანხა დახარჯონ.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი კონკურენტი საფრანგეთის ნაკრების ფორვარდისთვის ბრძოლაში მიუნხენის „ბაიერნია“, რომელიც ჯერ კიდევ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატამდე აკვირდებოდა 24 წლის ფეხბურთელს.
რანდალ კოლო მუანიმ, რომელიც „აინტრახტში“ ამ სეზონის წინ გადავიდა, წელს ბუნდესლიგაში 14 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მსოფლიო ჩემპიონატზე სამ მატჩში მან ერთი გოლი მიითვალა.