„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაცხადა, რომ მეისონ გრინვუდი გუნდში აღარ ითამაშებს #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაცხადა, რომ მეისონ გრინვუდი გუნდში აღარ ითამაშებს #1TVSPORT

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ ფორვარდი მეისონ გრინვუდი გუნდს ტოვებს.

ეს გახდა შედეგი იმ შიდა გამოძიებისა, რომელიც კლუბმა მას შემდეგ ჩაატარა, რაც ამა წლის თებერვალში 21 წლის ინგლისელის საქმე მისი გოგონას გაუპატიურებასა და ფიზიკურ ძალადობაზე შეწყდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ განცხადებაში წერია:

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაასრულა მეისონ გრინვუდის წინააღმდეგ ბრალდების შიდა გამოძიება. ჩვენი პროცესი 2023 წლის თებერვალში დაიწყო მას შემდეგ, რაც მეისონის წინააღმდეგ ყველა ბრალდება ოფიციალურად მოიხსნა.

ყოველთვის და ყველგან ჩვენ მხედველობაში ვიღებდით სავარაუდო მსხვერპლის სურვილებს, უფლებებსა და მოსაზრებებს, აგრეთვე კლუბის სტანდარტებსა და ღირებულებებს და ვცდილობდით, შეგვეგროვებინა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია.

ამან ჩვენგან მოითხოვა დელიკატურობა და სიფრთხილე, რათა მიგვეღო მტკიცებულება, რომელიც არ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც უშუალოდ იცნობდა საქმეს.

ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებებით იმ აზრამდე მივედით, რომ ინტერნეტში განთავსებული მასალები არ იძლეოდნენ სრულ სურათს და რომ მეისონს არ ჩაუდენია კანონდარღვევა, რომელშიც მას თავდაპირველად წაუყენეს ბრალი.

მიუხედავად ამისა, დღეს მეისონმა საჯაროდ აღიარა, რომ შეცდომები დაუშვა, რის გამოც იღებს პასუხისმგებლობას. ყველა, მათ შორის მეისონი, აღიარებს იმ სირთულეებს, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ მისი კარიერის განახლებას უკავშირდება.

ამიტომაც მიღწეული იქნა ერთობლივი შეთანხმება, რომ უმჯობესი იქნება, მან ეს „ოლდ ტრაფორდიდან“ შორს გააკეთოს. ახლა ჩვენ ვიმუშავებთ მეისონთან ამ შედეგის მისაღებად“.

განცხადების ბოლო სიტყვებში, სავარაუდოდ, იგულისხმება ის, რომ კლუბი და ფეხბურთელი მუშაობენ ფორვარდის იჯარაზე სხვა გუნდში ან კონტრაქტის გაწყვეტაზე, რომელიც 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად „მანჩესტერ იუნაიტედი“ აპირებდა გუნდში მეისონ გრინვუდის დაბრუნებას, მაგრამ ფანებისა და საზოგადოების მხრიდან კრიტიკის დიდი ტალღის შემდეგ კლუბი იძულებული გახდა, შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება, რისი შედეგიც გახდა ეს განცხადება.