საფრანგეთის „ტოპ 14“ დღეს დაიწყო. პირველ ტურში „ტულონი“ „აჟენს“ დაუპირისპირდა. ტულონელთა ძირითად შემადგენლობაში ერთადერთი ქართველი – მამუკა გორგოძე თამაშობდა. ანტონ ფეიქრიშვილი კი „აჟენის“ სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდა და მოედანზე 47-ე წუთზე, დეივ რაიანის ნაცვლად შევიდა.
ანგარიში მე-12 წუთზე მასპინძლებმა საჯარიმო დარტყმით გახსნეს, თუმცა ზუსტად ერთ წუთში „ტულონის“ 2019/20 წლების სეზონის პირველი ლელო მამუკა გორგოძემ დადო და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. ტაიმის ბოლომდე გუნდებმა თითო ჯარიმა და გარდასახული ლელო გაცვალეს – 13:18.
მეორე ნახევარში სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა. ტულონელთა მიერ 50-ე და 55-ე წუთებზე დადებულმა ლელოებმა თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. 59 წუთზე გორგოძემ დუბლი შეასრულა. სწორედ ამის შემდეგ გაიბრძოლა „აჟენმა“ და თამაშში დაბრუნება ლამულის ლელოთი სცადა, თუმცა ჯულიან სავეამ ყველაფერს წერტილი დაუსვა.
საბოლოო ანგარიში – 25:44 „ტულონის“ სასარგებლოდ.