მამუკა ბახტაძე - ყველა პარტნიორს ვთხოვთ, გაითვალისწინოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელიც კიდევ გაფართოვდება
ყველა პარტნიორს ვთხოვთ, გაითვალისწინოს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“, რომელიც კიდევ გაფართოვდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
„დღეს ერთი წელი გავიდა არჩილ ტატუნაშვილის სასტიკი მკვლელობიდან. ერთი წლის წინ საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე იმსხვერპლა. სასტიკად აწამეს, მაგრამ სულით ვერ გატეხეს. არჩილ ტატუნაშვილი არის ქართველი გმირი, ისევე, როგორც გმირები არიან მისი მშობლები, რომ ასეთი ვაჟკაცი აღუზარდეს საქართველოს. ჩვენ სწორედ მსგავს მძიმე დანაშაულთა გამო შევქმენით „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და ამ სიაში ბრალდებული პირები არიან შეყვანილი, რომელთაც საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი. ეს სია კიდევ გაფართოვდება.
ჯერ ისევ მიმდინარეობს გამოძიება. ყველა ჩვენს პარტნიორს ვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს ეს სია და ვფიქრობ, 2019 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით. ჩვენ ყველა პლატფორმას ვიყენებთ, რომ ეს ინფორმაცია მივაწოდოთ საერთაშორისო საზოგადოებას, იქნება ეს გაერო, ეუთო, ევროკავშირი თუ სხვა საერთაშორისო პლატფორმა. დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო დააყენებს აუცილებლად მართლმსაჯულებას ამ სასტიკ დანაშაულზე. ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მომავალში ასეთი ტრაგედიები გამოვრიცხოთ. ეს იყო ტკივილი, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა. ქართული სახელმწიფო დგას არჩილისნაირ გმირებზე“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.