მამუკა ბახტაძე - ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა
ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრაზე „ელჩების კონფერენცია 2018“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს, ისეა საჭირო პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება.
„მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დეპუტატებს, მთავრობის წევრებს, ჩვენს მეგობრებს. განსაკუთრებით მინდა მივესალმო ჩვენს სტუმრებს – რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის ვიცე-პრემიერს ქალბატონ ქრისტინა ლესნიკს და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხების მინისტრს ბატონ ვადიმ ჩერნიშს. ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია იმ საერთო გამოწვევების ფონზე, რომელთა წინაშეც დგას დღეს ჩვენი ქვეყნები და მთლიანად ჩვენი რეგიონი. ჩვენ ყველას საერთო სურვილი გვამოძრავებს და უმთავრესი მიზანი გვაერთიანებს, – ეს არის ჩვენი ქვეყნების თავისუფლება, წინსვლა და განვითარება.
დღეს, სწრაფად ცვალებად მსოფლიოში, როგორც არასდროს, ისეა საჭირო პრაგმატული, მოქნილი და საერთაშორისო ვითარების შესატყვისი საგარეო პოლიტიკის წარმოება. ყველამ კარგად ვიცით, როგორი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა და როგორი მაღალი რისკების შემცველია მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური რყევები ჩვენნაირი ახალგაზრდა დემოკრატიისა და მცირე სახელმწიფოსათვის. საქართველოს მიზანია დემოკრატიული და განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობა, რაც საფუძვლად უდევს რეფორმებისა და ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესს. ჩვენ ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, რათა ფეხი ავუწყოთ თანამედროვე სამყაროს და მაქსიმალურად დავნერგოთ ყველა ის სიახლე, რომელიც საქართველოს წარმატებულ ქვეყნად აქცევს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს ხალხს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა დიპლომატებს მათი პროფესიონალიზმისთვის.
ჩვენი მთავრობის პროგრამას საფუძვლად დაედო ხუთი პრინციპი, რომელთაგან უმთავრესია ქართველი ხალხის ცივილიზაციული არჩევანი – ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს შეუქცევადი ინტეგრაცია. და ამ მიმართულებით წამყვანი როლი, რა თქმა უნდა, ქართულ დიპლომატიას ეკისრება.
ის, რომ ქვეყანა დამაჯერებლად ადგას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ გზას, ქართული დიპლომატიის პროფესიონალიზმისა და თავდადებული შრომის ნათელი გამოხატულებაა. მინდა საქართველოს მთავრობის სახელით დიდი მადლობა მოგახსენოთ ამისთვის და მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული საქმიანობა გისურვოთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.