ქართველი დიპლომატების სამშობლოს მიმართ ერთგულება არის იმის გარანტი, რომ წარმატებით გავაგრძელებთ ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრაზე „ელჩების კონფერენცია 2018“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც წელს ქართულ დიპლომატიას ქონდა.
„როგორც იცით, წელს საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ბრიუსელში გავმართეთ უნიკალური ფორმატის შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტთან და კოლეგა ევროკომისრებთან. ამ ფორმატის შეხვედრა, რომელშიც ევროკომისართა ფართო შემადგენლობა მონაწილეობდა, ადასტურებს ჩვენი ქვეყნისადმი ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას და საქართველოს წარმატების კიდევ ერთი აღიარებაა დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.
ასევე ხაზგასასმელია 11-12 ივლისს გამართული ნატო-ს ბრიუსელის სამიტი, როდესაც პირველად მოხდა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინასთან სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე. ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ნატოს მხრიდან. სამიტზე უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია, რომელიც მოიცავს ნატო-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას. ჩვენმა მოკავშირეებმა აღნიშნეს საქართველოს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი და დასახეს საქართველოსთან ამ კუთხით შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისივე თქმით, ქართველ დიპლომატებს დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საქმეში.
„სწორედ ქართული დიპლომატიის აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მთელი წლის განმავლობაში იდგა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, ყველა დონეზე კეთდებოდა მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. აგრეთვე ვრცელდებოდა მოწოდებები რუსეთის მიმართ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის მოთხოვნით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკით შეშფოთება მაღალ დონეზე გამოხატეს ასევე აგვისტოს ომის 10 წლისთავზე საქართველოში ჩამოსულმა პარტნიორი ქვეყნების მაღალი დონის წარმომადგენლებმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, გასულ წელს კიდევ უფრო მჭიდრო გახდა ჩვენი ურთიერთობები მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
„ამის ნათელი დადასტურებაა სულ ახლახან მიღებული საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული საკანონმდებლო აქტი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის და საქართველოს გვერდში დგომისთვის. ამ ორპარტიულ საკანონმდებლო აქტში წამოჭრილია ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, დასმულია სწორი აქცენტები და გაკეთებულია ძლიერი გზავნილები ისეთ თემებზე, როგორიცაა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მინდა გამოვყო მთავარი გზავნილიც, – აქტში დაგმობილია რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში განხორციელებული დაკავების, გატაცებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები და, შესაბამისად, ეხმიანება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ორპარტიული აქტი ითვალისწინებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დამრღვევთა წინააღმდეგ სანქციების შემოღებას“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისივე განცხადებით, ქართული დიპლომატიის დამსახურებაა აგრეთვე ის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებიც ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებისკენ გადაიდგა და, რაც მთავარია, ამ ურთიერთობის დინამიკა სულ უფრო მზარდია.
„ამ მხრივ გამოვყოფდი წარმატებულ ვიზიტებს ბრიუსელში, სადაც გვქონდა შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან, აგრეთვე მაღალი რანგის შეხვედრები ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში. ვიზიტები შედგა ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – აზერბაიჯანსა და სომხეთში. სულ უფრო მტკიცდება ტრადიციულად მჭიდრო კეთილმეზობლური კავშირები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან – თურქეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან.
წელს ჩვენმა ქვეყანამ მასშტაბურად აღნიშნა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლისთავი როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ქართული დიპლომატიის წარმატებული მუშაობის დასტურია ამ თარიღთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მრავალი ქვეყნის უმაღლესი დონის დელეგაციების სტუმრობა თბილისში და ასევე ჩვენი საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში ბევრი ცნობილი ადამიანის მონაწილეობა.
მინდა განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნო, რომ წელს პირველად ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს, როგორც უნიკალური კულტურისა და ლიტერატურის ქვეყნისადმი, დაინტერესება, ასევე მისი საერთაშორისო ცნობადობა და საქართველოს პოპულარობა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, წლევანდელი წელი ეკონომიკური დიპლომატიის კუთხითაც იყო აღსანიშნავი.
„წინსვლა გვქონდა ცალკეულ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რათა საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გამოყენებით მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
დაბოლოს, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქართველი დიპლომატების მაღალი პროფესიონალიზმი და სამშობლოს მიმართ ერთგულება ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ ქართული სახელწიფო კვლავაც წარმატებით გააგრძელებს თავისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო ასპარეზზე. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ყველას დაუღალავი შრომისთვის, იმ საქმისთვის, რომელსაც თქვენ თქვენი სამშობლოს ინტერესების დასაცავად ეწევით და ატარებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.