მამუკა ბახტაძე - ჩვენი პოლიტიკა მიმართულია, რომ კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ლარში სესხების გაიაფება და დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ
ჩვენი პოლიტიკა მიმართულია, რომ კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ლარში სესხების გაიაფება და დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე.
„ჩვენ მივიღეთ უმძიმესი მემკვიდრეობა, როდესაც თითოეული მოქალაქე იყო დაუცველი კრედიტორის თუ კერძო მევახშის მიმართ. როდესაც ჩვენ საქართველოში გვქონდა ხუთასი, ექვსასი, შვიდასი, რვაას პროცენტიანი სესხები. როდესაც ადამიანს შეიძლება სესხის 90 პროცენტი ჰქონოდა გასტუმრებული, ათასი ლარიდან ვთქვათ ცხრაასი ლარი და დარჩენილი ასი ლარის გამო მასზე დაერიცხათ ორმოცდაათი ათას ლარიანი ჯარიმა. ამის გამო, მას დაეკარგა ბინა, მანქანა და პერსპექტივა ზოგადად. ჩვენ გვქონდა ისეთი თამაშის წესები ამ სფეროში, სადაც ჯარიმები და სხვადასხვა ტიპი საურავები აღწევდა ხოლმე სამას, ოთხას და ხშირ შემთხვევაში, ათას პროცენტსაც კი.
ამან გამოიწვია ის, რომ ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აღმოჩნდა ე.წ. შავ სიაში. შემდეგ ჩვენ „ფონდი ქართუს“ დახმარებით, იცით, რომ ეს პრობლემა მოვაგვარეთ და მოხდა ამ სესხების ჩამოწერა. 600 ათასი ადამიანი განთავისუფლდა ამ წნეხისგან. ამავე დროს, ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი, სამართლიანი თამაშის წესები ამ სფეროში, სადაც განსაზღვრულია მაქსიმალური ჭერი, რა შეიძლება იყოს ეფექტური პროცენტი. მაქსიმალური ჯარიმა და ნებისმიერი ადამიანი დაცულია ამ შემთვევაში კრედიტორთან ურთიერთობაში. ამან გამოიღო კონკრეტული შედეგი. მათ შორის იმ რეიტინგებში, სადაც წინ წავიწიეთ და ამან საშუალება მოგვცა, რომ საქართველოში საპროცენტო განაკვეთები გარკვეულწილად დაწეული. იცით, რომ მაგალითად იპოთეკურ სესხებზე ლარში, მოხდა სამი-ოთხი პროცენტით საპროცენტო განაკვეთებზე სესხების შემცირება. ჩვენი მთელი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ კიდევ უფრო მეტად მოვახდინოთ ლარში სესხების გაიაფება და დარწმუნებული ვარ, ამას მივაღწევთ კიდევაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, აქედან გამომდინარე, მაკროეკონომიკურად, ისევე, როგორც სოციალური, როგორც სამართლიანობის განცდის თვალსაზრისით, ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი.
„შესაბამისად ეს არის ვექტორი, ეს არის გენერალური ხაზი. რაც შეეხება ამ პოლიტიკის დაკორექტირებას. ეკონომიკა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, მასში წარმოდგენილი არის რამდენიმე სექტორი. ბუნებრივია, თუ ჩვენ ციფრები რომელიმე სექტორში მოგვცემს იმის უფლებას, რომ შეიძლება ამ ტიპის რეგულაციამ გამოიწვიოს ამა თუ იმ სექტორის განვითარების შეფერხება, რეაგირება იქნება მყისიერი. ამ უწყებებს ხელმძღვანელობენ პროფესიონალი ადამიანები და ისინი მიიღებენ პროფესიონალურად უმაღლესი სტანდარტის გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ნაკარნახები იმ ინტერესებიდან გამომდინარ, რომელიც აქვს ჩვენ საზოგადოებას. გასულია მხოლოდ ოთხი თვე, რაც ბოლო ნაბიჯი გადაიდგა რეგულაციებში, აქედან გამომდინარე, ჯერ ნაადრევია ჩვენ ვისაუბროთ ამაზე.
გენერალურ ხაზს ყველა ეთანხმება, ვინაიდან ამან მოგვცა სწორედ ჩვენ ის შედეგი, რაც პოზიტიური დავინახეთ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთვევაში ამ რეგულაციის გავლენაზე სხვადასხვა სექტორში. მთლიანად, მთელი ეკონომიკისთვის ეს იყო ერთადერთი სწორი ნაბიჯი. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გარკვეულ სექტორებში, თუ სტატისტიკური მონაცემები იქნება იმისთვის საკმარისი, რომ რომელიმე სექტორისთვის ეს პოლიტიკა მცირედით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ გადაიხედოს, ბუნებრივია ამ უწყებების ხელმძღვანელები ბუნებრივია ამას გააკეთებენ.
ამ გენერალური ხაზიდან გადახედვას მე გამოვრიცხავ. ცალკეულ სეგმენტებშიც გამოვრიცხავ. აქ არის საუბარი დაკორექტირებაზე. პასუხიმსგებლიანი დაკრედიტების სისტემა, რომელიც არის გარანტია, იმისა, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ დაცული, მათი ინტერესები იყოს დაცული. ბუნებრივია, ეს არ გადაიხედება. ჩვენ ეს ჩავაბარეთ წარსულს ყველამ ერთად და ბუნებრივია დავიწყეთ ახალი ფურცლიდან ახალი თამაშის წესების დადგენა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ გზაზე ვიქნებით წარმატებულები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ „იმედის“ ეთერში.