მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში, თუმცა გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები
ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში, თუმცა გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 21-ე საუკუნეში, რომლის ხელწერა მაღალი ტექნოლოგიები და სწრაფი განვითარება იქნება, განსაკუთრებულ გამოწვევას საქართველოს უნიკალური ბუნების შენარჩუნება წარმოადგენს.
„რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ ჩვენი მთავრობის ხედვა მწვანე ეკონომიკასთან და მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებით. ამავე დროს ავიღეთ ვალდებულება, რომ წლობით დაგროვილ ეკოლოგიურ პრობლემებს გადავჭრიდით და სწორედ მწვანე ეკონომიკა გახდებოდა ჩვენი ეროვნული ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა.მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც მინდა გავიმეორო – საქართველოს აქვს ორი სიმდიდრე – პირველი ეს არის ჩვენი საზოგადოება და მეორე – ეს არის ჩვენი უნიკალური ბუნება.ქართველ ადამიანს ყოველთვის განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდა ბუნებასთან და ქართველები ყოველთვის ჰარმონიულად ცხოვრობდნენ ბუნებაში. 21-ე საუკუნეში, რომლის ხელწერა იქნება მაღალი ტექნოლოგიები და სწრაფი განვითარება, ჩვენთვის განსაკუთრებული გამოწვევაა, რომ ჩვენი უნიკალური ბუნება შევუნარჩუნოთ და გადავცეთ მომავალ თაობებს. დიახ, ჩვენ გვაქვს ეკოლოგიური პრობლემები საქართველოში და ამავე დროს ჩვენ გვაქვს გეგმა, თუ როგორ უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები. უფრო მეტიც, როგორ გახდეს საქართველო მოწინავე ქვეყანა თავისი მწვანე ეკონომიკით“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაცია აბანოთუბანში გაიმართა. საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს ჰოლდინგი, რომელიც აერთიანებს ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა: „აიენერჯის“, „აიქარს“, „აიფავერსა“ და „აიფროდაქშენს“. ჰოლდინგი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში პირველი ინდუსტრიული ბიზნეს ჯგუფია, რომელიც ეკოლოგიური მიმართულებების პროექტებში კომპლექსურად იწყებს ინვესტიციების განხორციელებას.
აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს „ქარშეარინგის“, ელექტროდამტენების და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს და კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა. სულ რამოდენიმე დღის წინ აღნიშნულ საკითხზე გაფორმდა მემორანდუმი კომაპნია „აიგრუპის“ უმსხვილეს, 157 წლიანი ინდუსტრიული ისტორიის მქონე, ჩინურ კომპანია „ჩანგანს“ შორის. მემორანდუმის საფუძველზე, ქართული ბრენდით ელექტრომობილი პირველად შეიქმნება, რომლის გამოშვებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.
პრემიერ-მინისტრი აბანოთუბანში გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა.