მამუკა ბახტაძე - ასოცირების საბჭოზე განვიხილეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, რკინიგზის მოდერნიზების, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სხვა პროექტების შემუშავების გზები
ასოცირების საბჭოზე განვიხილეთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, რკინიგზის მოდერნიზების, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სხვა პროექტების შემუშავების გზები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ასოცირების საბჭოს მე-5 შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ძალიან პროდუქტიულად გავცვალეთ იდეები დარგობრივი თანამშრომლობის შესახებ. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას და ჩართულობას საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის მოდერნიზაციის მიმართულებით, განსაკუთრებით პროფესიული განათლების ნაწილში. ხარისხიანი განათლება აუცილებელია ადამიანური კაპიტალის ჩამოსაყალიბებლად. თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში და ადამიანური კაპიტალის შექმნაში ინვესტიციებით მდგრადი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
განვიხილეთ ასევე საერთაშორისო კავშირების საკითხი და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, რკინიგზის მოდერნიზების პროექტის, ანაკლიის ღრმა-წყლოვანი პორტის, საქართველოს აეროპორტებში სატვირთო ტერმინალის მშენებლობის და სხვა მსგავსი პროექტების შემუშავებისა და მშენებლობის მასშტაბების გაზრდის გზები. მივესალმებით ევროკავშირის ძალისხმევას საქართველოს ინფრასტრუქტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციის მოზიდვის მიმართ, რასაც „ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის საინვესტიციო გეგმის“ სახე მიეცა და რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოტენციალს რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბების პროცესში. ყურადღება გავამახვილეთ ასევე შავი ზღვის აუზში გაზრდილი საერთაშორისო კავშირების საჭიროებასა და აქტუალურობაზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს და გაზრდის ევროკავშირის ვაჭრობას ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, რაც უკეთეს წვდომას მისცემს ასევე რეგიონში მეწარმე ევროპულ კომპანიებსაც.
„ასევე მივესალმებით უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის დინამიკას. სანდო მოკავშირის რანგში ვალდებულება გვაქვს ნაკისრი ევროკავშირსა და საქართველოს შორის სტრატეგიული უსაფრთხოების დიალოგის უბადლო ისტორიის შექმნაზე. მადლობელი ვართ საქართველოში ევროკავშირის ყოფნისთვის და ჩვენი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სფეროში თქვენი წვლილისა და მონაწილეობისთვის. ჩვენის მხრივ ვკისრულობთ ვალდებულებას ევროპაში და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. გასულ წელს გავახანგრძლივეთ ჩვენი მონაწილეობის ვადა აფრიკის ცენტრალურ და მალის რესპუბლიკებში ევროკავშირის მისიების ფარგლებში.
საკუთარ თავს დავპირდით, რომ ევროპასთან დაახლოების კონტექსტში წარმოვჩნდეთ რეგიონის მისაბაძ ქვეყნად და ყველაფერს გავაკეთებთ ამ პირობის შესასრულებლად – შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად.
საქართველოს სახით ევროპას წარმატების მკაფიო მაგალითი აქვს, რადგან ბევრს ვმუშაობთ დემოკრატიის სფეროში დაწინაურების, ინსტიტუციური განვითარების, სამოქალაქო გაძლიერებისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. გპირდებით, რომ ამ გზას ბოლომდე მივყვებით და იმედი გვაქვს, რომ ევროპულ ოჯახში სრულად შევდგებით და საკუთარ წვლილსაც შევიტანთ მასში.
საქართველოსა და ჩვენს ხალხს სრული სიცხადით აქვს ნაკისრი ვალდებულება ევროკავშირისკენ სწრაფვის, ფასეულობებით გაჯერებული ცივილიზაციური არჩევანის – ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ.
მინდა, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა საქართველოს ნამდვილ მეგობრებს – საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ფედერიკა მოგერინის და ევროკომისარ ჰანს საქართველოს მისწრაფებისადმი მათი პირადი ერთგულებისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ახლო მომავალში წარმატებით მივაღწევთ საერთო მიზნებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.