აშშ სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს
ამერიკის შეერთებული შტატები სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად საქართველოს ნახევარ მილიონ აშშ დოლარს გამოუყოფს. როგორც მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს აქვს გამოწვევა, რომელიც უკავშირდება აგრესიულ პროპაგანდას ქვეყნის არამეგობარი ძალების მხრიდან.
მამუკა ბახტაძის თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სწორედ აღნიშნული გამოწვევების გასამკლავებლად გამოყო დაფინანსება.
„ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან მნიშვნელოვანი სამოქმედო გეგმა. სწორედ აღნიშნული გამოწვევის გასამკლავებლად გამოგვეყოფა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან ნახევარი მილიონი აშშ დოლარი, რომელიც გამიზნულია ჩვენი სტრატეგიული კომუნიკაციების გასაძლიერებლად. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესის მიმართ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული თანხა გადაეცემა „საინფორმაციო ცენტრს ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ“, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოების ინფორმირებულობა იმ სიკეთეებთან დაკავშირებით, რომლებიც მოაქვს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის.