დონალდ ტრამპი უზენაეს სასამართლოში ემი კონი ბარეტის კანდიდატურას წარადგენს
დონალდ ტრამპი უზენაეს სასამართლოში ემი კონი ბარეტის კანდიდატურას წარადგენს

აშშ-ის პრეზიდენტი უზენაეს სასამართლოში ემი კონი ბარეტის კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გადაწყვეტილებას თეთრ სახლში დღეს გამოაცხადებენ.

კონსერვატორი ემი კონი ბარეტი სასამართლოში ლიბერალ რუთ ბეიდერ გინსბურგის ადგილს დაიკავებს, რომელიც გასულ კვირას გარდაიცვალა.

კონგრესი ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატურას თუ დაამტკიცებს, აშშ-ის უზენაეს სასამართლოში კონსერვატიულად განწყობილი მოსამართლეების რაოდენობა ექვსამდე გაიზრდება, მაშინ როდესაც შედარებით ლიბერალურად განწყობილი მოსამართლე სამი იქნება.

48 წლის ემი კონი ბარეტი მესამე მოსამართლე იქნება, რომელსაც უზენაეს სასამართლოში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში წარადგენენ.

ემი კონი ბარეტს ახასიათებენ, როგორც მორწმუნე კათოლიკეს, რომელსაც აბორტების ლეგალიზაციის მოწინააღმდეგე ორგანიზაციები უჭერენ მხარს. ბარეტმა თავის დროზე მხარი დაუჭირა ტრამპის მიერ საიმიგარაციო პოლიტიკის გამკაცრებას.

სენატში რესპუბლიკელების უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელიმ განაცხადა, რომ ახალი მოსამართლის კანდიდატურას კანონმდებლები სამ ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებმადე დაამტკიცებენ.

თავის მხრივ, დემოკრატიულ პარტიაში მიიჩნევენ, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლის დანიშვნა არჩევნებამდე 39 დღით ადრე, ტრამპის მხრიდან „ძალაუფლების გადამეტებაა“.