პარლამენტი დღეს სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს
საქართველოს პარლამენტი სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს. ღონისძიებას მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის.
ღონისძიების მიზანია ქვეყანაში ეფექტური, კოორდინირებული და სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება და ამ პროცესში მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის როლის გამოკვეთა.
ფორუმის მონაწილეები მოისმენენ საჯარო დიპლომატიის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, თაჯან ილდემის ვიდეომიმართვასაც.
ფორუმზე გაიმართება მსჯელობა, თუ როგორ უნდა მუშაობდეს სტრატეგიული კომუნიკაციები ქართულ კონტექსტში არსებულ რთულ საინფორმაციო გარემოში. აქცენტი გაკეთდება მჭიდრო ბმაზე, რომელიც არსებობს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიღწევასა და წარმატებულ შიდა რეფორმებს შორის.
„სტრატეგიული კომუნიკაციის სისტემა ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, პროპაგანდასა და ამ საფრთხეებზე საქართველოსთან მიმართებაში. სტრატეგიული კომუნიკაცია არის ერთ-ერთი ის ინსტრუმენტი, რისი საშუალებით ვუმკლავდებით დეზინფორმაციას და პროპაგანდას. სტრატეგიული კომუნიკაცია მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება, მას აქვს გაცილებით უფრო ფართო ცნება და ამ თემებთან დაკავშირებით გვექნება საუბარი, რატომ არის საქართველოს მიმართებაში მნიშვნელოვანი“,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ.