მაკა გიორგობიანი - ელენე გედევანიშვილის პრეტენზიები აბსოლუტურად უსაფუძვლოა
საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა დღეს რადიო პირველი არხის სპორტული თოქ-შოუ „ესტაფეტა“-ს პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ბოლო პერიოდში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსნის ელენე გედევანიშვილის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს აბსოლუტურად უსაფუძვლო უწოდა.
„ყველა ის პრეტენზია, რაც ბოლო პერიოდში ელენე გედევანიშვილის მხრიდან გაჟღერდა, არის აბსურდული. სპორტსმენი, რომელიც არ ვარჯიშობს და შედეგი არ აქვს, სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვერ მიიღებს”,- განაცხადა მაკა გიორგობიანმა და დასძინა, რომ დღეს ფედერაციის ბიუჯეტიდან ყველა წარმატებული სპორტსმენი იღებს დაფინანსებას და ამ ეტაპზე აქცენტი იმ მომავალ თაობაზე კეთდება, რომელსაც აქვს შედეგი.
ელენე გედევანიშვილმა ფედერაციის გამგეობას თხოვნით მიმართა, სადაც ხელფასის მიღება ერთი წლის დასვენების, ზედმეტი დატვირთვის და შეჯიბრებების გარეშე ვარჯიშის გაგრძელების სანაცვლოდ სურდა, თუმცა ფედერაციის ხელმძღვანელებმა სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ ელენე გედევანიშვილს დაფინანსება ინტენსიურად ვარჯიშის დაწყებისთანავე აღუდგებოდა.