საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ 2018 წელი შეაჯამა
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ 2018 წელი შეაჯამა

20-ზე მეტ საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული 23 მედალი – 2018 წელი ქართველი მოციგურავეებისთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, ქართული მედლების ყულაბას მათ 11 ოქრო, 9 ვერცხლი და 3 ბრინჯაო შემატეს.

პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა, 2019 წლის ევროპის ჩემპიონატის ორი საგზური, ისტორიაში პირველად მოპოვებული ვერცხლი მოსკოვის გრან პრიზე, ფინეთის საერთაშორისო ტურნირზე მოგებული ბრინჯაო და ბოსფორის თასზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა – მორის ყვითელაშვილისთვის 2018 წელი საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა. მასთან ერთად იუნიორთა კატეგორიაში ღირსეულად იასპარეზეს მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ. სპორტულ ცეკვებში წყვილმა ოთხი მედალი მოიპოვა – პოლონეთსა და ლატვიაში საერთაშორისო ტურნირები მოიგეს, ჩეხეთისა და სომხეთის გრან პრიზე კი ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. იუნიორთა კატეგორიაში სამი ვერცხლია ალინა ურუშაძის ანგარიშზეა. ამას ემატება მინსკის საერთაშორისო ტურნირზე ირაკლი მაისურაძის ოქრო, ანადეა გულბიანი შმიდტის ვერცხლი და ბრინჯაო ანდორას თასსა და ბრატისლავას საერთაშორისო ტურნირზე, ილია გოგიტიძის, ნიკოლ ფადეევას, დავით გურგენიძის, ეკატერინე იაზადჯისა და ქეთევან მახარაძის ოქროს მედლები ნოვისების კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ წარმატებებს ქართველმა მოციგურავეებმა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში მიაღწიეს, რაც ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის განცხადებით, სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.