მაკა გიორგობიანი - იმედია, ფიგურულ ციგურაობაში ეს წარმატება ინფრასტრუქტურის აშენებას შეუწყობს ხელს #1TVSPORT
მაკა გიორგობიანი - იმედია, ფიგურულ ციგურაობაში ეს წარმატება ინფრასტრუქტურის აშენებას შეუწყობს ხელს #1TVSPORT

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი იმედოვნებს, რომ შემდეგ ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენები მედლებისთვის იბრძოლებენ.

„წლებია, ამ შედეგებისკენ მივდივართ. ეს სახელმწიფოს, სპორტის სამინისტროსა და ოლიმპიური კომიტეტის თანადგომის შედეგია. ლიცენზიების მოპოვებას 50 ქვეყანა ცდილობდა, მაგრამ გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის 7 ქვეყანა იბრძოლებს და სასიხარულოა, რომ მათ შორის ჩვენც ვართ. გპირდებით, შემდეგ ოლიმპიადაზე მედლებისთვის ვიბრძოლებთ“, – ამბობს მაკა გიორგობიანი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოციგურავეებმა პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები ოთხივე კატეგორიაში (ერთეულთა თანრიგი – ქალები, კაცები, სპორტული წყვილები, სპორტული ცეკვები), რაც სალიცენზიო მარათონში ჩაბმულმა მხოლოდ შვიდმა ქვეყანამ მოახერხა.

ამას გარდა, მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, საქართველო იმ ელიტარულ ათეულში დაწინაურდა, სადაც ფიგურულ ციგურაობაში გუნდური ოლიმპიური მედლებისთვის იბრძოლებენ. ათეულში ჩვენთან ერთად არიან აშშ, რუსეთი, კანადა, ჩინეთი, იაპონია, ჩეხეთი, გერმანია, იტალია და უკრაინა.

ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოციგურავეების წარმატებული და ისტორიული შედეგები სახეობის ინფრასტრუქტურის განვითარების წინაპირობა გახდება.

„სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენს სპორტსმენებს მომზადების საშუალება არ აქვთ. ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სტანდარტული ყინულის დარბაზის აშენება გვჭირდება. იმედია, ეს მალე მოხდება, ამის იმედი და კონკრეტული ჩანაფიქრები არსებობს. თორემ უცხოეთში მომზადება ბევრ პრობლემას და ზედმეტ ხარჯს უკავშირდება“, – აცხადებს გიორგობიანი.

ზამთრის წინა ორ ოლიმპიადაზე ქართული ოლიმპიური დელეგაცია ხუთი სპორტსმენით წარდგა, ხოლო პეკინი-2022 ისტორიული იქნება – მარტო ფიგურულ ციგურაობაში ექვსი მონაწილე გვეყოლება.

პირველ ოლიმპიურ ლიცენზიებს ალინა ურუშაძე და მორის ყვითელაშვილი, 2021 წლის მარტში, სტოკჰოლმის მსოფლიო ჩემპიონატზე დაეუფლნენ. რამდენიმე დღის წინ კი ობერსდორფში გამართული საკვალიფიკაციო ტურნირზე კიდევ ორი ოლიმპიური ლიცენზია მოვიპოვეთ – მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ სპორტულ ცეკვებში, ხოლო კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ – სპორტულ წყვილებში.

წინ არის უკვე უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი ეტაპი – საწვრთნელი შეკრებები და ოლიმპიადამდე დარჩენილი რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრება. პეკინი ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს უმასპინძლებს.