მაკა გიორგობიანი - გვინდა, რომ ნაკრები ჩამოვიყვანოთ და ვავარჯიშოთ, მაგრამ ყინულის მოედნები არ გვაქვს
მაკა გიორგობიანი - გვინდა, რომ ნაკრები ჩამოვიყვანოთ და ვავარჯიშოთ, მაგრამ ყინულის მოედნები არ გვაქვს

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრად მყოფმა საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა სპორტის ამ სახეობაში არსებული პრობლემებისა და საქართველოს ნაკრების მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრა.

„სეზონი შეგვიწყდა ძალიან წარმატებული სტარტის შემდეგ, რაც ძალზე დასანანია. მსოფლიო ჩემპიონატზე, როგორც იცით, ვერცხლის მედალი მოვიპოვეთ და ჩამოსვლისთანავე მიემგზავრებოდა ჩვენი ნაკრები უფროსების მსოფლიო ჩემპიონატზე. თუმცა, იქ უკვე ვეღარ გავემგზავრეთ, რადგან რამდენიმე დღით ადრე შეწყდა ყველანაირი მიმოსვლა კორონავირუსის პანდემიის გამო. ახლა საქართველოში კარგი ვითარებაა, მსოფლიოსთან შედარებით, და ამ შესაძლებლობასაც ვერ ვიყენებთ. ჩვენ ახლა შეგვიძლია დიდი ნაკრები ჩამოვიყვანოთ და უსაფრთხოდ ვავარჯიშოთ, მაგრამ არ გვაქვს არც ერთი ყინულის მოედანი“, – განაცხადა გიორგობიანმა, თუმცა დაამატა, რომ ფედერაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ყველანაირად ეხმარება.

„ძალიან გვეხმარება სპორტის სამინისტრო და ვცდილობთ, კომერციული მოედნები მოვიძიოთ. ჯერჯერობით ჩვენი სპორტული კალენდარი არ იცვლება, ამიტომ უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენი ნაკრები იყოს მომზადებული. ეს სპორტული სეზონი მნიშვნელოვანია, რადგან უნდა ავიღოთ სხვადასხვა ლიცენზია“, – განაცხადა მაკა გიორგობიანმა.