მაისურაძე ჩემპიონატის განახლებას ემხრობა - უფეხბურთოდ განადგურებულები ვართ
პარალიმნის „ენოსის ნეონის“ ნახევარმცველი ირაკლი მაისურაძე სოციალურ ქსელში კვიპროსის საფეხბურთო ჩემპიონატის შესაძლო განახლებას გამოეხმაურა.
„ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა. მის გარეშე ჩვენ თავს განადგურებულად ვგრძნობთ. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, თამაში ნებისმიერ დროს დავიწყოთ. მოდით, მოვინდომოთ და კვლავ განვიცადოთ ეს გრძნობა. ფეხბურთი ხომ საოცარი თამაშია – მოდით, დავიბრუნოთ ფეხბურთი“ – წერს ფეხბურთელი.
ირაკლი მაისურაძე 32 წლისაა. ის კვიპროსზე ექვსი წლის წინ მიიწვიეს, სადაც თავდაპირველად ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თამაშობდა (2014-2016), ასევე იყო არადიპუს „ერმისის“ (2016-2017) წევრი, ხოლო „ენოსისში“ 2018 წელს ჩაირიცხა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. 2011-2013 წლებში საქართველოს ნაკრების წევრი იყო, რომლის ფორმითაც 3 მატჩი ჩაატარა.
ორი კვირის წინ, მაისურაძე კვიპროსულმა და ბერძნულმა მედიამ დააფასა და მის მიმართ საჯაროდ პატივისცემა გამოხატა – პარალიმნელთა ქართველმა ნახევარმცველმა მისთვის სამახსოვრო ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მაისური გადასცა საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომელმაც მოთამაშეების ეკიპირება აქუციონზე გაიტანა და შემოსული თანხით დამცავი ნიღბები ათენის, სალონიკისა და კვიპროსის საავადმყოფოებისთვის შეიძინა.