ქართველების სამი გოლი და ორი საგოლე გადაცემა - „ანორთოსისმა“ ლიდერობა შეინარჩუნა (ვიდეო)
კვიპროსის ჩემპიონატის მე-13 ტურში თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ საშინაო არენაზე „პარალიმნის“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა 5:1.
ქეცბაიამ ოთხივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში დააყენა: გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ნიკა კაჭარავამ (65-ე წუთზე) და თორნიკე ოქრიაშვილმა (70-ე წუთზე) მოედანი საფინალო სასტვენამდე დატოვეს. „პარალიმნის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა ირაკლი მაისურაძემ, რომელიც გუნდში 2018 წლიდან ირიცხება.
ფამაგუსტელების გამარჯვებაში ქართველებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს – მათ ანგარიშზე 3 გოლი და ორი საგოლე გადაცემაა. 24-ე წუთზე ოქრიაშვილმა მეტოქის კარი მეორედ აიღო. კაჭარავამ შესანიშნავი თამაში ჩაატარა – მე-14 წუთზე ანგარიში მისი გადაცემით ნიკოლაოს კატცასმა გახსნა, თავად ქართველმა თავდამსხმელმა კი 31-ე და 45+1-ე წუთებზე „პარალიმნის“ ორჯერ გაუტანა და დუბლი შეასრულა. მეორედ მას საგოლე გადაცემა დაუშვილმა გაუკეთა, როდესაც შორეული გადაცემით მეკარესთან პირისპირ
დატოვა.
ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 13 ტურის შემდეგ 30 ქულა დააგროვა, ჩემპიონატის ლიდერია და ორი ქულით ასწრებს ნიქოზიას „ომონიას“. ნიკა კაჭარავამ 9 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, ხოლო ოქრიაშვილმა 9 შეხვედრაში – ორი გოლი.