რიგის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავეებმა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს [ვიდეო] #1TVSPORT

ლატვიის დედაქალაქ რიგაში 44 -ე საერთაშორისო ტურნირი გაიმართა Volvo Open Cup-ის თასზე, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობდნენ ერთეულთა თანრიგის მოციგურავეები: ალინა ურუშაძე (სენიორი ქალები), ირაკლი მაისურაძე და ნიკა ეგაძე (სენიორი მამაკაცები). იუნიორთა კატეგორიაში კი ანადეა გულბიანი შმიდტი.

ტურნირი ქართველი მოციგურავეებისათვის წარმატებული იყო. ჩვენმა სპორტსმენებმა ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 8 ქვეყნის 12 მოციგურავე ქალს შორის ალინა ურუშაძემ 178,29 ქულით პირველი ადგილი დაიმსახურა. ირაკლი მაისურაძისათვის რიგის ტურნირი ახალი სეზონის პირველი სტარტი, ხოლო ნიკა ეგაძისათვის კი ყაზახეთის დენის ტენის თასის შემდეგ, მეორე ოფიციალური სტარტი იყო. რვა ქვეყნის 11 მოციგურავე მამაკაცს შორის ქართველმა სპორტსმენმა, ირაკლი მაისურაძემ 227,61 ქულით პირველი, ხოლო ნიკა ეგაძემ კი 225.60 ქულით მე-3 ადგილი დაიკავეს.

იუნიორთა კატეგორიაში მოასპარეზე ანადეა გულბიან-შმიდტმა კი 14 ქვეყნის 21 მოციგურავე გოგონას შორის (119.75 ქულით) ტურნირი საუკეთესო ათეულში მე-8 პოზიციით დაასრულა.