ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი რიგის საერთაშორისო ტურნირზე | ფიგურული ციგურაობა
ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი რიგის საერთაშორისო ტურნირზე | ფიგურული ციგურაობა

ლატვიის დედაქალაქ რიგაში დასრულდა საერთაშორისო ტურნირი სახელწოდებით „ვოლვოს თასი“ (Volvo Open Cup -2019), რომელიც მასპინძლობდა 30 ქვეყნის 200-ზე მეტ სპორტსმენს, მათ შორის სენიორების კატეგორიაში მოცეკვავე ქართველ წყვილს, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, ასევე ერთეულებში ირაკლი მაისურაძესა და ალინა ურუშაძეს და იუნიორთა შორის სპორტულ წყვილს, ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას.

რიგის საერთაშორისო ტურნირზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ვერცხლის, ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას ბრინჯაოს მედლების ნუსხას დაემატა ირაკლი მაისურაძისა და ალინა ურუშაძის წარმატებული გამოსვლები უფროს ასაკობრივ კატეგორიაში. ირაკლი მაისურაძე 15 ქვეყნის 16 მოციგურავეს შორის თავისუფალი პროგრამის გამარჯვებული გახდა, ხოლო ჯამური 220.35 ქულით მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა. ალინა ურუშაძე კი, რომელიც 15 ქვეყნის 28 მოციგურავე სპორტსმენს შორის ასპარეზობდა, 163.83 ქულით მესამე ადგილისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

რიგის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოციგურავეებმა მოპოვებულ ორი ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალთან ერთად, მოკლე და თავისუფალ პროგრამებში დააგროვეს ტექნიკური ელემენტების შესრულებისათვის დადგენილი სარეიტინგო ქულები, რაც მოცეკვავე წყვილ კაზაკოვა-რევიას, ასევე ერთეულებში მოასპარეზე ირაკლი მაისურაძესა და ალინა ურუშაძეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მონაწილეობის მიღების უფლებას ანიჭებს.