მაია ცქიტიშვილი - წერილში არ არის ასახული კონკრეტული გეგმები, ხედვები, არც ის, როგორ აპირებს კონსორციუმი ვალდებულებების შესრულებას
მაია ცქიტიშვილი - წერილში არ არის ასახული კონკრეტული გეგმები, ხედვები, არც ის, როგორ აპირებს კონსორციუმი ვალდებულებების შესრულებას

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წერილში არ არის ასახული კონკრეტული გეგმები, ხედვები ან ის, როგორ აპირებს კონსორციუმი ვალდებულებების შესრულებას, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ  2019 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტომ“ მიიღო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წერილი. ამასთან, კონსორციუმის მხრიდან კონფიდენციალობაზე მითითების გამო, მაია ცქიტიშვილმა წერილის კონკრეტულ შინაარსზე არ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, კონსორციუმმა ისარგებლა და მითითება გააკეთა ხელშეკრულების კონფიდენციალურობის მუხლზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვეზღუდა თავად წერილის მიღების ფაქტის გასაჯაროება. მხოლოდ კონსორციუმის მიერ გუშინ ამ ინფორმაციის გასაჯაროების გამო, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს დავადასტურეთ ფაქტი, რომ წერილი მივიღეთ. სამწუხაროდ, მე ჯერ მოკლებული ვარ შესაძლებლობას, წერილის შინაარსი გაგაცნოთ და შემიძლია, გითხრათ მხოლოდ ის, რომ ამ წერილში ნამდვილად არ არის ასახული არც კონკრეტული გეგმები, არც კონკრეტული ხედვები, არც ის, თუ როგორ აპირებს კონსორციუმი ვალდებულებების შესრულებას. ამავდროულად, იმის გათვალისწინებით, რომ მიგვაჩნია, რომ საჯარო ინტერესი არის აღმატებული, ჩვენ ჯერ კიდევ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორთან, რათა განვსაზღვროთ, რამდენად შეგვიძლია წერილის შინაარსის გასაჯაროება“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაია ცქიტიშვილმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიმართა, თავად გაასაჯაროოს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობისთვის კონკრეტული წინადადება წარდგენილი აქვს და პასუხს ელოდება.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღეს ეწურება შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.