ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, მთავრობისთვის კონკრეტული წინადადება წარდგენილი გვაქვს
ლევან ახვლედიანი - ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით, მთავრობისთვის კონკრეტული წინადადება წარდგენილი გვაქვს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, მთავრობისთვის კონკრეტული წინადადება წარდგენილი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განუცხადა.

მან განმარტა, რომ წინადადება კონკრეტულ დოკუმენტს ან ინვესტორს არ ეხება. ზოგადად, პროექტს უკავშირდება და კონსორციუმი შესაბამის პასუხს ელოდება.

„მთავრობისთვის წარდგენილი გვაქვს კონკრეტული წინადადება, არა კონკრეტულ დოკუმენტთან ან ინვესტორთან დაკავშირებით, არამედ ზოგადად,  პროექტთან მიმართებით კონკრეტული წინადადება, და მთავრობისგან პასუხს ველოდებით. აღნიშნული წინადადება თავის თავში ითვალისწინებს დამატებითი მოლაპარაკებისთვის მზადყოფნას – როგორც ინვესტორებთან, ისე სხვა პროცესებთან მიმართებით, რაც საჭიროა პროექტის ერთობლივი ძალებით წარმატებამდე მისაყვანად“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა წინადადების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

„ამ ეტაპზე, იურიდიული კონფიდენციალობიდან გამომდინარე, მეტს ვერ ვისაუბრებ. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მთავრობის პოზიციას უნდა დაველოდოთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ბურთი მთავრობის მხარეს არის“, – განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ კაპიტალის შევსებისა და სასესხო დაფინანსების მოპოვებაზე, მთავრობისთვის დოკუმენტის წარდგენის ვადა დღეს ეწურება.