მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიმართავს, თავად გაასაჯაროოს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი 
მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიმართავს, თავად გაასაჯაროოს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი 

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას უწოდებს და კონსორციუმს მიმართავს, თავად გაასაჯაროოს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი.

დღევანდელ ბრიფინგზე მაია ცქიტიშვილმა განმარტა, რომ 2019 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტომ“ მიიღო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წერილი.

თუმცა, მინისტრის თქმით, წერილი არ შეიცავს პორტის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ხედვებს ან გეგმებს.

„წერილის არსი სრულიად განსხვავდება კონსორციუმის მიერ გაცხადებული შინაარსისგან.
საყურადღებოა, რომ საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, ხელშეკრულების კონფიდენციალურობის მუხლზე მითითებით, კონსორციუმმა შეუზღუდა სახელმწიფოს წარდგენილი შეტყობინების როგორც შინაარსის, ისე მისი წარდგენის ფაქტის გასაჯაროების უფლება. 

საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილებისა და მაღალი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით, მივმართავთ კონსორციუმს, თავად გაასაჯაროოს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი და მისცეს საზოგადოებას საშუალება, ინტერპრეტაციების გარეშე, შეაფასოს ვითარება და გააკეთოს დასკვნები. ჩვენ კი, როგორც მხარე, რომელიც ყოველთვის მოქმედებდა მაღალი პასუხისმგებლობისა და გამჭირვალობის ხარისხით, კვლავაც ვადასტურებთ მზაობას, უარი ვთქვათ კონფიდენციალობის მოთხოვნაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობისთვის კონკრეტული წინადადება წარდგენილი აქვს და პასუხს ელოდება.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღეს ეწურება შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა. როგორც მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.