მაია ცქიტიშვილი - ქვეყანაში გაჩნდება ახალი მიზიდულობის ცენტრები და გაცოცხლდება მივიწყებული კურორტები
აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტები ტურიზმის განვითარებისთვის. შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას ძველი კურორტების გასაცოცხლებლად და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად. ქვეყანაში გავაჩენთ ახალ მიზიდულობის ცენტრებს, გავაცოცხლებთ მივიწყებულ კურორტებს, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მასშტაბურ პროექტებთან ერთად განვითარდება შედარებით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნას.
„აბასთუმნის, ბაკურიანის ურბანული განახლების მასშტაბური პროექტებთან ერთად, არ ვივიწყებთ შედარებით მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურას. ასეთ პროექტებს შორისაა ტობავარჩხილისა და მწვანე ტბასთან მისასვლელი გზები, ყაზბეგსა და ბორჯომში მუზეუმების რეაბილიტაცია, ონის მუზეუმის მშენებლობა, ფოკის და ზარზმის მონასტრებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, წელს დასრულდება წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციის შემუშავება, რის საფუძველზეც დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა.