მაია ცქიტიშვილი - მთავრობა მზად არის, ხელი შეუწყოს ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესრულებაში, მაგრამ სანაცვლოდ, ჩვენც ველოდებით მათგან ვალდებულებების შესრულებას
მაია ცქიტიშვილი - მთავრობა მზად არის, ხელი შეუწყოს ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესრულებაში, მაგრამ სანაცვლოდ, ჩვენც ველოდებით მათგან ვალდებულებების შესრულებას

მთავრობა მზად არის, ხელი შეუწყოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ თავისი ვალდებულებების შესრულებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, სანაცვლოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან“ ჩვენც ველოდებით ვალდებულებების შესრულებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ცქიტიშვილს დღეს ბრიფინგზე კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პროცედურებსა და ვადებზე ჰკითხეს.

„გაგიკვირდებათ და ხელშეკრულების მოშლის პროცედურა დეტალებში არ მაქვს შესწავლილი. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ველოდებით დღევანდელი დღის დასრულებას. მივცეთ საშუალება კონსორციუმს, აღნიშნული ვალდებულებები შეასრულოს. დანარჩენზე ვისაუბროთ ხვალ.
მთავრობა მზად არის, ხელი შეუწყოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ თავისი ვალდებულებების შესრულებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, სანაცვლოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისგან“ ჩვენც ველოდებით ვალდებულებების შესრულებას, ასევე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ველოდებით და მოვითხოვთ კონსორციუმისგან, რომ არა მარტო საკუთარი ვალდებულებების შესრულების ნაწილში იყოს პირნათელი, ასევე იყოს პირნათელი საზოგადოების წინაშე, პროექტისა და მთავრობასთან ურთიერთობის თაობაზე ინფორმაციის სრულად და დაუმახინჯებელი სახით გადმოცემის შესახებ“, – განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ კონსორციუმის გუშინდელი განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

„დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც თუნდაც ბოლო წერილს გაეცნობით, თუ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, როგორც პასუხისმგებლიანი ინვესტორი, ჩათვლის საჭიროდ, გაასაჯაროოს ეს ინფორმაცია, დარწმუნდებით, თუნდაც ბოლო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო წერილში  წარმოდგენილი კონკრეტულ გეგმები და ხედვები, არ შეესაბამება სიმართლეს”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა დღეს ეწურება. როგორც მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით, მთავრობისთვის კონკრეტული წინადადება წარდგენილი აქვს და პასუხს ელოდება.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, აღნიშნულ წერილში არ არის ასახული კონკრეტული გეგმები, ხედვები, არც ის, როგორ აპირებს კონსორციუმი ვალდებულებების შესრულებას. მან „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიმართა, თავად გაასაჯაროოს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი.

დატოვე კომენტარი