მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების წასვლა პოლიტიკური პროცესია და არა რეალური დაინტერესება მოსამართლეთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების წასვლა პოლიტიკური პროცესია და არა რეალური დაინტერესება მოსამართლეთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მათი ყოფილი თანაგუნდელების წასვლა პოლიტიკური პროცესია და არა რეალური დაინტერესება მოსამართლეთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით. ამის შესახებ ცქიტიშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას განაცხადა.

„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად ახსნა, რომ ჩვენი თანაგუნდელების გუნდიდან წასვლის რეალური მიზეზი არ არის სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესები, რადგანაც საკითხები, რომელიც ადარდებთ, კონსულტაციების გზით წყდება. როდესაც მთელი პოლიტიკური გუნდი მუშაობს, რომ მოსამართლის შერჩევის კრიტერიუმები იყოს ღია და გამჭვირვალე, ამ დროს კი გუნდის ყოფილი წევრები საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ, მეც მიჩნდება კითხვები, რომ ეს პოლიტიკური პროცესია, ვიდრე რეალური დაინტერესება მოსამართლეთა კრიტერიუმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, მოსამართლეები, რომლებზეც საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია, თითქოს ახლა ხდება მათი უვადოდ განმწესება, უვადოდ უკვე არიან დანიშნული.

„ადრე სამწუხაროდ ჩვენი ყოფილი თანაგუნდელების ხმა ასე ხმამაღლა არ ისმოდა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.