მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის კონსორციუმს სამუშაო დღის ბოლომდე აქვს ვადა, დაველოდოთ, ჩვენი მხრიდან ინფორმაცია გავრცელდება ხვალ  
მაია ცქიტიშვილი - ანაკლიის კონსორციუმს სამუშაო დღის ბოლომდე აქვს ვადა, დაველოდოთ, ჩვენი მხრიდან ინფორმაცია გავრცელდება ხვალ  

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ სამუშაო დღის ბოლომდე აქვს ვადა, დაველოდოთ, ჩვენი მხრიდან ინფორმაცია გავრცელდება ხვალ, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებმა მინისტრს ჰკითხეს, კონსორციუმის მიერ 120 მლნ დოლარის საკუთარი კაპიტალის შევსების პირობების შესაძლებლობა ჩანს თუ არა, რაზეც ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ  ჯერჯერობით არ ჩანს.

„როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს უნდა მივიღოთ ინფორმაცია. მანამდე ჩვენ მივიღეთ კონსორციუმისგან მომართვა მხოლოდ ამ ინვესტორების დასტურის თაობაზე, ანუ რამდენად იყვნენ თუ არ იყვნენ ეს ინვესტორების მისაღები სახელმწიფოსთვის. ვალდებულება, რაც დღეს აქვს შესასრულებელი, გულისხმობს კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის ხელმოწერილ სავალდებულო შეთანხმებას პროექტში ინვესტიციების ჩადების შესახებ, რაც დღეს ჯერ არ მიგვიღია. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამუშაო დღის ბოლომდე არის ვადა და დაველოდოთ, ჩვენი მხრიდან ინფორმაცია გავრცელდება ხვალ”, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ინფორმაციაზე, რომ მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებული მოვლენების გამო კონსორციუმმა ითხოვა დამატებითი ვადა, რათა ეს ჩაითვალოს ფორსმაჟორად, რადგან  ხელი შეეშალათ ინვესტორებთან მოლაპარაკებებში, მინისტრმა აღნიშნა, რომ დამატებითი ვადა მოთხოვნილი არ არის.

„დამატებითი ვადები ვალდებულებების შესასრულებლად მოთხოვნილი არ არის. რაც შეეხება ფორსმაჟორს ან ნებისმიერი სხვა შეტყობინების შინაარსს, როგორც მოგახსენეთ, სამწუხაროდ კონფიდენციალურობის მუხლის მოთხოვნით, ამ ინფორმაციას ვერც უარვყოფ და ვერც ვადასტურებ. კიდევ ერთხელ მივმართავ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, გაასაჯაროოს  წერილი, რომლითაც მათ მოგვმართეს 10 ოქტომბერს და, რომლის არსებობის თაობაზეც განაცხადეს. მივმართავთ მათ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის პარალელურად, სამწუხაროდ, არ დატოვონ ღია კითხვები და მისცენ საშუალება საზოგადოებას, თავად განსაჯოს ყოველგვარი ინტერპრეტაციების გარეშე“, – აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, თავად აღიქვამს თუ არა მამუკა ხაზარაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ფორსმაჟორად, ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ მამუკა ხაზარაძისა ან ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებული სამართლებრივი პროცესი არის ცალკე საკითხი, რომელიც კონსორციუმის ვალდებულებების შესრულებას უშუალოდ არ უკავშირდება.

„ბუნებრივია არ აღვიქვამ, რადგანაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ აქვს საკუთარი ვალდებულებები, მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის მიმართ არსებული სამართლებრივი პროცესი არის ცალკე არსებული სამართლებრივი პროცესი, რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ კონსორციუმის ვალდებულებების შესრულებასთან. ის ვერ იქნება განხილული როგორც რამე სახის ფორსმაჟორი ერთი მხრივ, შესაბამისად დღეს, ოქტომბერში ამაზე საუბარი, როდესაც კონკრეტული ვადის შესრულების დრო დგება, ვფიქრობ, სრულიად უადგილოა”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ შუალედური ვალდებულებების შესრულებაზე დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“  დოკუმენტაცია ვერ წარადგინა, მისცემს თუ არა მთავრობა დამატებით ვადას,  მაია ცქიტიშვილი ამბობს, რომ უწყება ვალდებულებების შესრულებას დღის ბოლომდე ელოდება.

„ველოდებით დღეს დღის ბოლომდე ვალდებულებების შესრულებას. მოდით, იმედი ვიქონიოთ, იქნებ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ასრულებს ხელშეკრულებით დადგენილ ვალდებულებებს. თუ ვერ შეასრულებს, ამასთან დაკავშირებით ხვალ კვლავ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღეს ეწურება შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა. მაია ცქიტიშვილმა ბრიფინგზე შუალედური ვალდებულებები განმარტა და განაცხადა,  2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს მხარეთა შორის ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება.

ამასთან, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონსორციუმს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით მთავრობისთვის კონკრეტული წინადადება წარდგენილი აქვს და პასუხს ელოდება. მაია ცქიტიშვილმა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მიმართა, თავად გაასაჯაროოს სამინისტროსთვის გაგზავნილი წერილი.