მაგნუს კარლსენმა უარი თქვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის დაცვაზე #1TVSPORT
ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა უარი განაცხადა რუსი იან ნეპომნიაშჩის წინააღმდეგ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩზე. ამ უკანასკნელმა ცოტა ხნის წინ მადრიდში პრეტენდენტთა ტურნირი მოიგო და მოქმედ ჩემპიონ კარლსენთან შეხვედრის უფლება მოიპოვა.
კარლსენმა, რომელიც 2013 წლიდან ფლობს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს, თავისი უარი მოტივაციის არქონით ახსნა. მან ადრეც დაუშვა ამგვარი გადაწყვეტილების შესაძლებლობა, თუ მისი მეტოქე ტიტულისთვის მატჩში ფრანგი ალირეზა ფირუჯა არ იქნებოდა.
ახლა, რეგლამენტის თანახმად, ნეპომნიაშჩი საჩემპიონო მატჩში უნდა შეხვდეს მოჭადრაკეს, რომელმაც პრეტენდენტთა ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა. ეს არის ჩინელი დინ ლიჟენი, თუმცა, ამის შესახებ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციას ოფიციალურად არ გამოუცხადებია.
გასულ წელს, კარლსენმა და ნეპომნიაშჩიმ უკვე ითამაშეს მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის. ნორვეგიელმა 7.5:3.5 გაანადგურა რუსი დიდოსტატი.
მორიგი საჩემპიონო მატჩის გამართვა 2023 წელს არის დაგეგმილი.