მადრიდის „რეალის“ სერბი ფორვარდი ლუკა იოვიჩი ბელგრადის პროკურატურაში გამოიძახეს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ იუწყება.
ირკვევა, რომ 19 მართს ფეხბურთელმა კორონავირუსის პანდემიის გამო დადგენილი კარანტინის წესები დარღვია: ესპანეთიდან სამშობლოში დაბრუნებულ იოვიჩს 28 დღე უნდა გაეტარებინა თვითიზოლაციაში, თუმცა ის ბელგრადის ქუჩებში შეამჩნიეს. თავად სპორტსმენმა განაცხადა, რომ არ იცოდა აკრძალვის შესახებ და მხოლოდ მაღაზიაში ჩავიდა.
ახლა 22 წლის ფეხბურთელს ელის ჯარიმა 1275 ევროს ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით. გარდა ამისა, შესაძლოა ფეხბურთელს შინაპატიმრობაც მიუსაჯონ.