ლუიზა ვინტონი - ვფიქრობთ, ძალიან კარგია, რომ პანკისის ხეობაში კონფრონტაცია შეცვალა მოლაპარაკებებმა, ველოდებით დადებით შედეგებს
ლუიზა ვინტონი - ვფიქრობთ, ძალიან კარგია, რომ პანკისის ხეობაში კონფრონტაცია შეცვალა მოლაპარაკებებმა, ველოდებით დადებით შედეგებს

ადამიანებს აქვთ პროტესტის გამოხატვის ფუნდამენტური უფლება, თუმცა ძალადობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია, უსაფრთხოების ძალები ვალდებული არიან, შეინარჩუნონ მშვიდობა, გადაჭარბებული ძალის გამოყენების გარეშე. ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოში გაერო-ს ელჩმა, ლუიზა ვინტონმა ​​პანკისის ხეობაში დაპირისპირებაზე.

როგორც ლუიზა ვინტონმა აღნიშნა, საჭიროა ბალანსი ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მოსახლეობის მცდელობას შორის, რომ შეინარჩუნოს ხელშეუხებელი მწვანე ბუნება.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ სიტუაციით, განსაკუთრებით ძალადობით. ამ ვითარებიდან გვსურს, ორი გაკვეთილი გამოვიტანოთ. ვფიქრობთ, ძალიან კარგია, რომ მოლაპარაკებებმა შეცვალა კონფრონტაცია, ველოდებით დადებით შედეგებს. რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურს, ჰიდროელექტროენერგია არ არის ენერგიის წიაღისეული წყარო, ასე რომ, ის ხშირად მიიჩნევა მწვანე ენერგიის წყაროდ, ის შეიძლება იყოს კლიმატური ცვლილებების რისკის პოზიტიური შემარბილებელი ფაქტორი, თუმცა ასევე არის დაკავშირებული გარემოზე ზემოქმედებასთან. ეს ზემოქმედება კარგად უნდა შეფასდეს და გაიზომოს. საჭიროა ამ საკითხზე საზოგადოებასთან საუბარი, ვიდრე რაიმე მშენებლობა დაიწყება. ჩვენ ვხედავთ ბალანსის საჭიროებას ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და ენერგიის საჭიროების, მეორე მხრივ, მოსახლეობის მცდელობას შორის, შეინარჩუნოს ხელშეუხებელი მწვანე ბუნება, რომლითაც საქართველო ასე ცნობილია“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

პანკისის ხეობაში, სადაც ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, ადგილობრივ მოსახლეობასა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის დაპირისპირება ორჯერ მოხდა. აქციის მონაწილეებმა სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

ადგილზე ჩავიდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომლებიც აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ.

გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ჰესი აშენდება მაშინ, როცა მშენებლობას მოსახლეობის 90 პროცენტი დაუჭერს მხარს. ამასთან, მისივე განცხადებით, ყველა ის ადამიანი, რომელმაც პანკისის ხეობაში ფიზიკურად იძალადა შსს-ს თანამშრომლებზე, კანონის შესაბამისად აგებს პასუხს.

პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას სამედიცინო დახმარება 40-ზე მეტ ადამიანს დასჭირდა, მათ შორის უმრავლესობა სამართალდამცველია.

პანკისის ხეობაში მცირე ჰესის „ხადორი-3“-ის მშენებლობას კომპანიები „ალაზანი ენერჯი“ და „ფერი“ გეგმავენ. აღნიშნულმა კომპანიებმა დღეს განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ჰიდროელექტროსადგური, რომლის სიმძლავრეც 5,4 მგვტ-ია, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე აშენდება.

პანკისის ხეობაში პოლიციელებზე თავდასხმისა და პოლიციის ტექნიკის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.