ლორია-ებრალიძის „ანორთოსისი“, შესაძლოა, სტოილოვმა გაწვრთნას #1TVSPORT
გიორგი ლორიასა და ავთო ებრალიძის „ანორთოსისმა“ მიმდინარე სეზონში მწვრთნელი მეორედ შეიცვალა, მაგრამ ამანაც არ უშველა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ამის გამო ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის მიყვანაზე ფიქრობს – ბულგარული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ქართველი გულშემატკივრისთვის ნაცნობი სტანიმირ სტოილოვია.
ბულგარული მედიის ინფორმაციით, „ანორთოსისი“ დაინტერესებულია 56 წლის სპეციალისტით, რომელიც გუნდს 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის სექტემბრამდე უკვე წვრთნიდა. შემდეგ წარმატებით ავარჯიშებდა „ასტანას“, საიდანაც ყაზახეთის ნაკრებში გადაინაცვლა.
მისი და საქართველოს გზები სწორედ სანაკრებო სარბიელზე გადაიკვეთა – ერთა ლიგის პირველი გათამაშების ჯგუფში მისი გაწვრთნილი ყაზახეთის ნაკრები ვლადიმირ ვაისის პერიოდის საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდა და ორივე მატჩი ჩვენმა ნაკრებმა მოიგო (2:0, 2:1). ამის გამო პოსტის დატოვება მოუხდა და შემდეგ პლოვდივის „ბოტევი“ ჩაიბარა, ხოლო 2021 წლის სექტემბრიდან – სოფიას „ლევსკი“.
სტანიმირ სტოილოვი „ანორთოსისის“ ისტორიაში ყველაზე სკანდალური წასვლის გმირი გახდა. გუნდმა სტანიმირ სტოილოვთან თანამშრომლობის შეწყვეტა 2011 წლის 27 სექტემბერს გამოაცხადა. იყო მცდელობა, ეს ურთიერთშეთანხმებით მომხდარიყო, მაგრამ სტოილოვმა ფიფა-ში იჩივლა, კონტრაქტის ბოლომდე გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდა მოითხოვა და საბოლოოდ, ასისტენტთან ერთად, 619 ათასი ევრო მიიღო.