9 ნოემბერს, ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში იწყება ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩი კაცებს შორის. მოქმედი ჩემპიონი, 27 წლის ნორვეგიელი მაგნუს კარლსენი ხვდება მარტში გამართული პრეტენდენტთა ტურნირის გამარჯვებულს, ამერიკელ ფაბიანო კარუანას.
პირველად 1990 წლის შემდეგ, როცა ერთმანეთში ბოლოჯერ გაითამაშეს ტიტული გარი კასპაროვმა და ანატოლი კარპოვმა, საჩემპიონო მატჩში ერთმანეთს ხვდება რეიტინგის ორ საუკეთესო მოჭადრაკე. უფრო მეტიც, აქამდე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, როცა მეტოქეებს შორის სხვაობა სამი ქულა ყოფილიყო – კარლსენის რეიტინგია 2835 ქულა, კარუანასი – 2832.
ფორმატი და საპრიზო ფონდი
საჩემპიონო მატჩი ნაცნობი ფორმატით ჩაივლის. გაიმართება 12 პარტია დროის კლასიკური კონტროლით. გაიმარჯვებს ის, ვინც პირველი დააგროვებს 6.5 ქულას. „კლასიკაში“ ფრის შემთხვევაში, იქნება ტაი-ბრეიკი – სწრაფი ჭადრაკი, ბლიცი და საჭიროების შემთხვევაში, „არმაგედონი“. კლასიკურ ჭადრაკში ყოველი ორი პარტიის შემდეგ, დიდოსტატებს დასვენების დღე ექნებათ.
მატჩის საპრიზო ფონდია – 1 მილიონი ევრო. ჩემპიონს ერგება ამ თანხის 60 პროცენტი, წაგებულს – 40. თუ ტიტულის ბედს ტაი-ბრეიკი გადაწყვეტს, მაშინ მილიონი გაიყოფა 55/45 ფორმულით.
გამოცდილება
კარლსენისთვის ეს არის უკვე მეოთხე საჩემპიონო მატჩი და ტიტულის მესამე დაცვა. ნორვეგიელმა ორი შეხვედრა დიდი უპირატესობით მოუგო ვიშვანათან ანანდს, ორი წლის წინ, ნიუ იორკში სერგეი კარიაკინთან კი მხოლოდ ტაი-ბრეიკზე გაიმარჯვა.
კარუანა პირველად თამაშობს საჩემპიონო მატჩს. ცოტა ხნის წინ, ის ბათუმში იმყოფებოდა, სადაც საჭადრაკო ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა. ეს მოულოდნელი გადაწვეტილება იყო, რადგან, ჩვეულებრივ, დიდოსტატები სატიტულო მატჩამდე სერიოზულ ტურნირებში არ მონაწილეობენ. კარლსენი, მაგალითად, „ლივერპულის“ ფეხბურთელთან ტრენტ ალექსანდერ-არნოლდთან ჩატარებული პარტიით გაერთო. ლივერპულელმა მხოლოდ ხუთი წუთი გაძლო – ორჯერ მეტი, ვიდრე „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა.
ურთიერთშეხვედრები
მეტოქეებს დროის კლასიკური კონტროლით 33 პარტია ჩაუტარებიათ ერთმანეთში. უპირატესობა კარლსენს აქვს – 10 მოგება, 5 წაგება და 18 ყაიმი. სწრაფ ჭადრაკსაც ნორვეგიელი უკეთ თამაშობს – 13 მოგება, 6 წაგება და 4 ყაიმი.
მაგნუს კარლსენი vs ფაბიანო კარუანა
მატჩი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის. ლონდონი, 9-28 ნოემბერი
სათამაშო დღეები – 9, 10, 12, 13, 15, 16, 18, 19, 21, 22, 24, 26 ნოემბერი
ტაი-ბრეიკი – 28 ნოემბერი
ყველა პარტიისა და ტაი-ბრეიკის დასაწყისი – 19 საათი თბილისის დროით.