მაგნუს კარლსენი არ გამორიცხავს, რომ აღარასოდეს ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე #1TVSPORT
მაგნუს კარლსენი არ გამორიცხავს, რომ აღარასოდეს ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე #1TVSPORT

ნორვეგიელმა დიდოსტატმა მაგნუს კარლსენმა ილაპარაკა თავისი სურვილის შესახებ – შეწყვიტოს გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატის ტიტულისთვის მატჩებსა და ტურნირებზე. ცოტა ხნის წინ, კარლსენმა რუსი იან ნეპომნიაშჩი 7.5:3.5 დაამარცხა და მეოთხედ დაიცვა კაცებს შორის ჩემპიონის ტიტული.

„შემიძლია ვთქვა, რომ ისინი, ვინც ელოდებიან ჩემს მონაწილეობას მსოფლიოს მომდევნო ჩემპიონატზე, შეიძლება იმედგაცრუებულნი დარჩნენ. მიმდინარე წლის დიდი ნაწილის განმავლობაში ვაცნობიერებდი, რომ ეს მატჩი ბოლო უნდა ყოფილიყო. ჩემთვის ეს ტიტული ისე ბევრს აღარ ნიშნავს, როგორც ადრე“, – განაცხადა კარლსენმა.

ნორვეგიელმა აღნიშნა, რომ დღეისთვის მისი მთავარი მიზანია – მიაღწიოს 2900 ქულას რეიტინგში. ამ მომენტისთვის ის სათავეში უდგას კლასიფიკაციას 2856 ქულით და შეუძლია ავიდეს 2900 ქულამდე იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მატჩში მისი მეტოქე გახდება ირანელი ალირეზა ფირუზჯა, რომელიც საფრანგეთის სახელით გამოდის.

„თუ ფირუზჯას გარდა ვინმე სხვა მოიგებს პრეტენდენტთა ტურნირს, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მორიგი საჩემპიონო მატჩი ვითამაშო. თუ ეს მოხდება, ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ. ძალიან დაინტერესებული ვარ იმაში, რომ 2900 ქულა მივიღო.

ადრე ჩემთვის ეს არასოდეს ყოფილა მიზანი. დღეს კი ოდნავ ავწიე რეიტინგი და ეს სამიზნე უკვე აღარ ჩანს ისეთი მიუღწეველი. ვიცი, რომ ყოველი პარტიისას მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყო. აქ არ არსებობს შეცდომის უფლება. ეს ის არის, რაც მჭირდება მოტივაციისთვის“, – მოჰყავს კარლსენის სიტყვები გამოცემა VG-ს.

ჭადრაკის ისტორიაში არც ერთ მოჭადრაკეს არ ჰქონია რეიტინგი 2900 ქულა.

დატოვე კომენტარი