ლონდა თოლორაია - მიღებულია ზომები, რათა ინგა გრიგოლიას უსაფრთხოება იყოს დაცული
ლონდა თოლორაია - მიღებულია ზომები, რათა ინგა გრიგოლიას უსაფრთხოება იყოს დაცული

შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მიღებულია ზომები, რათა ინგა გრიგოლიას უსაფრთხოება იქნას დაცული. ამის სრულ გარანტიას იძლევა შსს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განუცხადა.

როგორც თოლორაიამ აღნიშნა, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სრულყოფილი გამოძიება უახლოეს მომავალში ჩატარდება და კონკრეტული შედეგი დადგება.

„დაიკითხება ყველა პირი, ვინც საჭიროდ ჩაითვლება, ეს იქნება ოჯახის წევრი, თუ თანამშრომელი“, – განაცხადა შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა.

კითხვაზე, იდენტიფიცირებულია თუ არა პირი, რომლმაც ინგა გრიგოლიას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა, ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამაზე ვერ ისაუბრებს.

„ეს საქმე განეკუთვნება ქალთა მიმართ ძალადობას. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი აღნიშნულ საქმეზე მონიტორინგს ახორციელებს. მთელი დღის განმავლობაში პროცესები, რაც მომდინარეობს, მიმდინარეობდა ჩვენი დაკვირვების ქვეშ. გუშინვე, განცხადების გამოქვეყნებისთანავე დაიწყო გამოძიება. ჩვენ გუშინვე დავუკავშირდით ინგა გრიგოლიას და დღეს შუადღეს უკვე გამოცხადდა. რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოკითხა. მან მოყვა ბევრი ფაქტი. ასევე მისი უშუალო მონაწილეობით ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება. გამოკითხული არიან მოწმეები“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

საქმე ეხება გრიგოლიას განცხადებას, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. თავად გრიგოლიამ საგამოძიებო უწყება ცოტა ხნის წინ, დაახლოებით შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ დატოვა.

გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდნენ „ტვ პირველის“ ოპერატორი და გადაცემა „რეაქციის“ პროდიუსერი.