ინგა გრიგოლია - ქუჩაში რომ გამოვდივარ, არ ვიცი, სახლთან ვინმე დამხვდება და ჩამარტყამს თუ არა თავში რამეს, მინდა მქონდეს უსაფრთხოების განცდა
ინგა გრიგოლია - ქუჩაში რომ გამოვდივარ, არ ვიცი, სახლთან ვინმე დამხვდება და ჩამარტყამს თუ არა თავში რამეს, მინდა მქონდეს უსაფრთხოების განცდა

დაახლოებით შვიდსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა.

ინგა გრიგოლიას განცხადებით, მან სამართალდამცველებს მის ხელთ არსებული მასალები წარუდგინა.

„დაიწყო გამოძიება. გამომკითხეს. წარვუდგინე წერილი, რომელშიც იყო მუქარა კარის შემომტვრევასთან დაკავშირებით, წარვუდგინე „ფლეშკა“, რომელზეც ჩაწერილი იყო ტელევიზიის კამერიდან ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ვიღაც მამაკაცი მოდის და უტოვებს ოპერატორს წერილს, რომელშიც იყო მუქარა. ვიმედოვნებ, პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, როცა დავწერე წერილი, ამჯერად მაინც მოხდება გამოძიება და პასუხისმგებლობა დაეკისრება ადამიანს, რომელიც სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ასე ძალადობს ჩემზე აგერ უკვე რამდენი წელია. მოხდა ტელეფონის დათვალიერება, სადაც არაერთი „ეს-ე-ემსია“ ამ პიროვნებისგან ამ წლების განმავლობაშია გამოგზავნილი“, – აღნიშნა გრიგოლიამ.

მისი თქმით, პირველად პოლიციას 2013 წელს მიმართა, თუმცა მაშინ საქმე დაიხურა.

„პირველად როცა შევიტანე 2013 წელს პოლიციაში წერილი, საქმე დაუხურავთ და იცით რა ეწერა? დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. მაშინ პოლიციამ ფსიქიატრიული ექსპერტიზაც კი არ მოითხოვა. შეიძლება ეს ადამიანი იყოს შეურაცხადი. ჩემს შვილს, მარიამს ჰყავს ეს ადამიანი ნანახი. ამ ადამიანმა იცის ჩემი საცხოვრებელი სახლის მისამართი, სამსახურის მისამართი, მშობლების სახლის მისამართი, იცის ჩემი გადაადგილება და ყველა ნაბიჯი. ამ ადამიანმა ჩემზე ყველაფერი იცის. თავიდან მეცინებოდა, ვიღაც ადამიანი რომ ამბობდა, რომ ჩემი შვილის მამა იყო, ოღონდ მეორე შვილის, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. მეშინია, პირდაპირ ვამბობ, მაგრამ ბოლომდე დავიცავ თავს. არ ვაპირებ სადარბაზოში ვიღაცამ ჩამარტყას თავში რამე. როცა მოგდის „ეს-ემ-ესი“, რომ 20 მაისამდე თუ არ დააკმაყოფილებ მის აბსურდულ მოთხოვნებს, ის შემოგიმტვრევს კარებს, ამიტომ გადავწყვიტე ამის ხმამაღლა საუბარი, მინდა, მქონდეს უსაფრთხოების განცდა, რადგან საფუძვლიანად გამომკითხეს“, – განაცხადა გრიგოლიამ.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში მუქარის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აღნიშნული პირი აღარ შეხმიანებია.

„დღეს, როცა მუქარის შემცველი წერილი მივიღე, სადაც ჩემთვის უცნობი ადამიანი მაშანტაჟებს და მემუქრება, რომ სახლის კარს შემომიმტვრევს, გადავწყვიტე ეს ამბავი მომეყოლა ჟურნალისტებისთვის. როცა სოციალურ ქსელში დავწერე პოსტი, მას შემდეგ არანაირი გამოხმაურება ამ ადამიანისგან არ ყოფილა. რაც შეეხება „ეს-ემ-ესებს“, ასახავს იმას, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანი როგორ მადანაშაულებს გაუგებარი ქონების გამოძალვაში, როგორ ამტკიცებს, რომ არის ჩემი შვილის მამა. მართლა საგიჟეთში მგონია თავი. არარსებული ადამიანი ითხოვს რაღაც გაუგებრობას. იმედია, მთელი სიმკაცრით დაისჯება ადამიანი, რომელიც ასეთ სტრესში მაცხოვრებს. ქუჩაში რომ გამოვდივარ, მე არ ვიცი ჩემს სახლთან ვინმე დამხვდება და ჩამარტყამს თავში რამეს თუ არა და აი ამიტომ მოვედი პოლიციაში. ასეთი პიროვნებები გარშემო ბევრი არიან და ძალიან მძიმეა ქალებისთვის საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა. მე ყოველთვის ღიად ვსაუბრობ, როცა პრობლემები იქმნება ჩემს გარშემო, იყო პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟი? პირველი ვიყავი, მგონი, რომელმაც ამაზე საჯაროდ ვისაუბრე, მივიღე მუქარის წერილი და ამაზეც საჯაროდ ვისაუბრე. არ ვიცი, ეს ადამიანი ვინ არის. შეიძლება როცა გესაუბრებით, აქ იდგეს“, – აღნიშნა ინგა გრიგოლიამ.

ჟურნალისტის განცხადებით, საქართველოში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ქალთა მიმართ ძალადობა და ამის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო.

„მე ბოლომდე უნდა მივყვე ამ საქმეს. მე ვარ ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში მუშაობს, მაქვს პირდაპირი ეთერი, იმის მიუხედავად, რომ ჩემი არც ერთი ეთერი არ გამომიყენებია ჩემს რომელიმე პრობლემაზე საუბრისთვის, მით უმეტეს ამ მუქარაზე, უფრო მეტად თავისუფლად შემიძლია ვიბრძოლო ამ პრობლემების გადაჭრისთვის, ვიდრე სხვა ქალებს, რომლებსაც არც პირდაპირი ეთერი აქვთ, იმისი ნერვიც კი არ აქვს, მიმართოს პოლიციას. ჩვენ, ქალები ახლა ვსწავლობთ ​ჩვენი უფლებების დაცვას. მათ შორის, მეც ახლა ვსწავლობ. ჩვენ ყველას ერთად გაგვიშუქებია, თვეში ერთხელ როგორ კლავენ და როგორ სცემენ ქალებს. ჩვენ ამ ყველაფერს ვაშუქებთ, ვხედავთ, რომ ეს ქვეყნის დიდი პრობლემაა. როცა ადევნების შესახებ კანონი შევიდა, ძალიან ბევრი უბრალოდ აღლიცინდა. მიშტერება და დაშტერება არ არის ხუმრობა. საქართველოში ქალებს კლავენ, ქვეყანაში ქალებზე ძალადობენ. ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ ეს ყველაფერი შემცირდეს“, – განაცხადა გრიგოლიამ.

სამართალდამცავ უწყებაში მისვლა გრიგოლიას განცხადებას უკავშირდება, რომელთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. გამოკითხვაზე ასევე იმყოფებოდნენ „ტვ პირველის“ ოპერატორი და გადაცემა „რეაქციის“ პროდიუსერი.