„ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა და ინგლისის თასის ფინალში გავიდა #1TVSPORT
ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე გაიმართა ინგლისის თასის პირველი ნახევარფინალი, რომელშიც „ლივერპულმა“ 3:2 დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“.
„ლივერპულმა“ პირველ ტაიმში ყველაფერში აჯობა „სიტის“ – მანჩესტერელებმა მხოლოდ ერთი დარტყმა შეასრულეს, ისიც არაზუსტი და ბურთის ფლობაც ნაკლები ჰქონდა. შედეგად, იბრაჰიმა კონატეს გოლითა და სადიო მანეს დუბლით „ლივერპულმა“ ტაიმი 3:0 მოიგო.
მეორე ტაიმში „სიტი“ აგრძელებდა დაცვაში შეცდომებს, მაგრამ დაბრუნდა თამაშში. 47-ე წუთზე ჯეკ გრილიშმა პირველი გაიტანა, 91-ე წუთზე ბერნარდო სილვამ იმედი მისცა „სიტის“, მაგრამ „ლივერპულმა“ შეინარჩუნა ლიდერობა და შეწყვიტა „სიტის“ წინააღმდეგ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია.
„ლივერპული“ ბოლო 10 წელიწადში პირველად გავიდა ინგლისის თასის ფინალში. მერსისაიდელთა მთავარ მწვრთნელს იურგენ კლოპს ძალიან რთული დამოკიდებულება ჰქონდა ამ ტურნირთან – ექვსი წინა შემთხვევიდან „ლივერპული“ მხოლოდ ერთხელ გავიდა მეოთხედფინალში.
„ლივერპული“ ფინალში „ჩელსისა“ და „კრისტალ პალასს“ შორის მოგებულს შეხვდება.