ზაფხულში „ლივერპული“ შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთი ვარიანტი ბუნდესლიგაში იპოვნა.
როგორც გაზეთი Bild-ი წერს, მერსისაიდელები აქტიურად ინტერესდებიან „ჰოფენჰაიმის“ ფორვარდით, მაქსიმილიან ბაიერით. „ლივერპულში“ მოხიბლულნი არიან მისი პროგრესით და შეტევაში ნებისმიერ პოზიციაზე თამაშის უნარით.
მაგრამ „ჰოფენჰაიმი“ არ იჩქარებს თავისი ფეხბურთელის ივნისში გაყიდვას. გერმანული კლუბი აპირებს, დაელოდოს ევრო 2024-ის დასრულებას, სადაც ბაიერმა შეიძლება წარმატებით ითამაშოს და ამ შემთხვევაში თავდამსხმელის ფასი გაიზრდება.
ბაიერს მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში 24 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი. ასევე, 21 წლის ფორვარდის ანგარიშზე ხუთი შედეგიანი პასია.
გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა ბაიერი მარტის ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა.