გუშინ, სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატზე ქალთა სწრაფდაშვება გაიმართა, რომელსაც სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრები ყველაზე მეტად ელოდნენ. ლეგენდარულ ამერიკელ ლინდსი ვონს კარიერაში ბოლო სტარტი ჰქონდა.
აქტიურ სპორტთან დამშვიდობება წარმატებული გამოვიდა – 34 წლის ვონმა მსოფლიოს ჩემპიონატებზე მერვე მედალი მოიპოვა, კერძოდ, მესამე დრო აჩვენა და ბრინჯაო მოიგო. მანამდე, ვონს ორი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული.
ამერიკელმა 0.49 წამი წააგო გამარჯვებულთან, სლოვენიელ ილკა შტუჰეცთან, რომელმაც ამ დისციპლინაში ორი წლის წინ მოპოვებული ტიტული შეინარჩუნა. მეორეზე შვეიცარიელი კორინ ზუტერი გავიდა. ეს მისთვის ამ ჩემპიონატზე მეორე მედალია – მანამდე, მან ბრინჯაო სუპერგიგანტში მოიგო.