ლინდსი ვონი ჰოკეის ვარსკვლავზე დაინიშნა
ლინდსი ვონი ჰოკეის ვარსკვლავზე დაინიშნა

ლეგენდარულმა ამერიკელმა სამთო მოთხილამურემ ლინდსი ვონმა და მისმა შეყვარებულმა, ჰოკეის ეროვნული ლიგის ვარსკვლავმა პი-კეი სუბანმა ნიშნობის შესახებ გამოაცხადეს.

როგორც ჟურნალი „ვოგი“ (Vogue) წერს, 30 წლის კანადელმა ჰოკეისტმა 34 წლის მოთხილამურეს საკუთარ სახლში, ძაღლების თანდასწრებით სთხოვა ხელი.

ვონსა და სუბანს ჯერ არ გაურკვევიათ ქორწილის თარიღი. ლინდსის თქმით, ისინი, ჯერჯერობით, შემდგარი ნიშნობითაც კმაყოფილნი არიან და ყურადღება გადატანილი აქვთ 2 ოქტომბერზე, როცა ჰოკეი ეროვნულ ლიგაში ახალი სეზონი უნდა დაიწყოს. სუბანი „ნიუ ჯერსი დევილზის“ მცველია.

ლინდსი ვონი 2010 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია. ის გახლავთ ქალებს შორის რეკორდსმენი სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის ეტაპებზე გამარჯვებების რაოდენობით. მან კარიერა წელს, თებერვალში მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.

სუბანისა და ვონის რომანი 2018 წლის ივნისიდან გრძელდება.