მიკაელა შიფრინი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა
მიკაელა შიფრინი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა

შვედეთის კურორტ ორეში სამთო თხილამურებში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. მედლების პირველი კომპლექტი სუპერგიგანტში ქალებმა გაითამაშეს.

ჩემპიონობა მოიპოვა წლევანდელი სეზონის ლიდერმა, მსოფლიოს თასის მოქმედმა მფლობელმა, 23 წლის ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა. მან დისტანცია წუთსა და 4.89 წამში დაფარა და 0.02 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ სოფია გოჯას იტალიიდან. ბრინჯაოს მედალი მოიპოვა შვეიცარიელმა კორინ ზუტერმა.
შიფრინი მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა. მანამდე მან სამჯერ მოიგო სლალომი – 2013, 2015 და 2017 წლებში. ის, აგრეთვე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. წლევანდელ მსოფლიოს თასზე შიფრინმა 13 ეტაპი მოიგო.

წარუმატებელი გამოდგა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი სტარტი ლეგენდარული ამერიკელისთვის ლინდსი ვონისთვის, რომელიც კარიერაში ბოლო ტურნირს ატარებს. ის დისტანციაზე დაეცა და ფინიშამდე ვერ მიაღწია.

ოთხშაბათს, სუპერგიგანტში კაცები გაითამაშებენ მედლებს.