ინგლისის პრემიერლიგასთან და იტალიის სერია A-სთან ერთად, 23 მაისს ბოლო ტური გაიმართა საფრანგეთის ლიგა 1-ში, სადაც პირველი ორისგან განსხვავებით აქ ჩემპიონის ვინაობა უნდა გარკვეულიყო. ტიტულის მოსაპოვებლად პირველ ადგილზე მყოფი „ლილი“ და „პარი სენ-ჟერმენი“ იბრძოდნენ, პარიზული კლუბი კი ლიდერს ერთი ქულით ჩამორჩებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-მ თავისი შეხვედრა მოიგო, „ლილმა“ „ანჟერის“ წინააღმდეგ მოლოდინები გაამართლა, მეტოქე 2:1 დაამარცხა და ლიგა 1-ის ტიტულს დაეუფლა. გალტიეს გუნდმა პირველივე ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაიტანა. მასპინძლებმა კი ერთი გოლის გატანა მეორე ტაიმის დამატებით დროში მოახერხეს.
სამი წლის შემდეგ საფრანგეთს ახალი ჩემპიონი ჰყავს. შეგახსენებთ, რომ აქამდე „პარი სენ-ჟერმენს“ ბოლო 8 ჩემპიონატიდან 7 ჰქონდა მოგებული. 2016-17 წლების სეზონში ლიგა 1-ის გამარჯვებული „მონაკო“ გახდა.