ლიბიელმა გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოაწერა
ლიბიელმა გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოაწერა

ამბოხებულმა ლიბიელმა გენერალმა ხალიფა ჰაფთარმა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. მოსკოვიდან გამგზავრებისას, ჰაფთარმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება ლიბიის არმიის მთელ რიგ მოთხოვნებს არ ითვალისწინებდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხალიფა ჰაფთარი მოლაპარაკებების დროს ტრიპოლიში არმიის შეყვანას და ეროვნული ერთობის მთავრობის ფორმირებას ითხოვდა.

ლიბიელმა გენერალმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ზედამხედველობისთვის საერთაშორისო მონიტორინგი თურქეთის მონაწილეობის გარეშე მოითხოვა. ხალიფა ჰაფთარისგან განსხვავებით, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწერა ტრიპოლიში განთავსებული ლიბიის მთავრობის ხელმძღვანელმა, ფაიეზ სარაჯმა.

მოსკოვში გამართული მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თქვეს, რომ ლიბიაში სტაბილურობის მიღწევის მიმართულებით შეხვედრამ გარკვეული პროგრესი უზრუნველყო. ფაიეზ სარაჯის მთავრობას თურქეთი უჭერს მხარს, ხალიფა ჰაფთარის ძალებს კი – რუსეთი.

ლიბიის კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით, 19 იანვარს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში კონფერენცია გაიმართება.