ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
ლევერკუზენში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
გერმანიაში, ქალაქ ლევერკუზენის ქიმიური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქებიდან ორი დღის შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი ამჟამად ხუთს შეადგენს. დაშავებულია 31 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. დაკარგულად ითვლება ორი პირი, რომელთა ცოცხლად პოვნის იმედი პრაქტიკულად არ არსებობს.
შესაბამისი ორგანოების მიერ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია აფეთქებისა და ხანძრის შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის შესახებ. დასკვნა კვირის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.
ლევერკუზენის ქიმიური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება სამრეწველო ნარჩენების განთავსების ადგილას მოხდა. აფეთქდა ორგანული გამხსნელით დატვირთული სამი ავზი, რომლებიც, წინასწარი ინფორმაციით, 600 000-დან 900 000 ლიტრამდე გამხსნელს შეიცავდა.