ლევან კორღალიძე - „საბურთალოში“ ევროტურნირამდე ლეგიონერების დამატებას არ გამოვრიცხავ #1TVSPORT
ლევან კორღალიძემ ეროვნული ლიგის პირველ წრეში „საბურთალოს“ გამოსვლა შეაჯამა, რომელიც გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა.
„ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლო ტურში „თელავთან“ მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო. სამი ქულის მოპოვება იოლი ნამდვილად არ იყო. მებრძოლი და კარგად დაკომპლექტებული კლუბია და კახეთში გამარჯვება ბევრ გუნდს გაუჭირდება.
სასიამოვნოა, როდესაც ამდენი გოლი გაგაქვს. შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ. ჩანს, რომ შეტევით ხაზში არ გვიჭირს, თუმცა დაცვაში ხარვეზები გვაქვს და უნდა გამოვასწოროთ. როდესაც უტევ, უკან ცარიელი სივრცეები რჩება. აქედან გამომდინარე, დაცვაში უფრო ყურადღებით გვმართებს თამაში. როდესაც მწვრთნელები პირველ წრეს ვაჯამებდით, ავღნიშნეთ, რომ ბევრი გოლი გავუშვით. თუმცა, ამ მიმართულებით ვმუშაობთ და იმედია, ამას გამოვასწორებთ.
გუნდი ორ მატჩში დამარცხდა – „გაგრასთან“ და „დილასთან“. არცერთ გუნდს არ ვაკნინებ, უბრალოდ ისე ხდება, რომ ზედა პოზიციებზე მყოფ კლუბებთან უფრო ხარისხიან ფეხბურთს ვთამაშობთ. არც ერთ შეხვედრაში წაგებას არ ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი იმით არის საინტერესო, რომ წინასწარ შედეგს ვერ დაგეგმავ. ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატში პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ყველას შეუძლია ტოლ-სწორად თამაში. „გაგრაც“ და „დილაც“, რომლებთანაც დავმარცხდით, ორივე კარგად დაბალანსებული კლუბია. მათ ეს თამაშით დაამტკიცეს.
რვა ახალი ფეხბურთელი გვყავს, ჯერ კიდევ შემადგენლობის ძიებაში ვართ. მჯერა, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოვუმატებთ. არაა მარტივი დიდი ხნის განმავლობაში უგებდე თბილისის „დინამოს”, ასევე ბათუმს მისსავე სტადიონზე. სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ მოპოვებული უპირატესობები, მაგრამ არაუშავს, დადებითი ძვრები შეინიშნება. პირველი წრის მატჩს მიეკუთვნება სუპერთასის შეხვედრაც. იმ დაპირისპირებაში ბათუმის „დინამოს” უფრო გაუმართლა პენალტების სერიაში და დაეუფლა თასს.
როდესაც ახალ გუნდში ფეხბურთელი მიდის, ადაპტაციისთვის დრო ყოველთვის სჭირდება. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. რაც მთავარია, სელექციით კმაყოფილი ვარ, ყველა ბოლომდე იხარჯება. „საბურთალოში“ დიდი კონკურენციაა, ხშირად მივმართავთ როტაციას. ლეგიონერებს რაც შეეხება – ეს ფეხბურთელზეა დამოკიდებული, როგორ წარმოაჩენენ თავს, იქიდან გამომდინარე მიეცემათ თამაშის შესაძლებლობა. ორივე მათგანით კმაყოფილი ვარ, მეიმედება ამ ფეხბურთელების და ვნახოთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
ორ თვეზე ოდნავ მეტია დარჩენილი, როდესაც „საბურთალო“ ევროტურნირებში ჩაერთვება. ლეგიონერების დამატების სურვილი გვაქვს და შესაძლოა, წერტილოვანი გაძლიერება მოხდეს. თუმცა, როდესაც ლეგიონერი ჩამოდის, ადგილობრივს ბევრად უნდა ჯობდეს. ასეთ შემთხვევაში მიმაჩნია სწორად ლეგიონერის დამატება. ვნახოთ, არაფერს გამოვრიცხავ.
„საბურთალოს” ანგარიშზე ისტორიაში 496 ბურთია და მალე მე-500-ს გაიტანს. ეს გუნდი ჩემით არ დაწყებულა, მანამდე რამდენიმე კვალიფიციური და წარმატებული მწვრთნელი ჰყავდა. სწორედ მათი, ფეხბურთელებისა და ხელმძღვანელების დამსახურებაა, მოკლე პერიოდში ასეთ წარმატებას რომ მიაღწია. საინტერესო და საიუბილეო ციფრია. მოხარული ვიქნები, ჩემი მწვრთნელობის პერიოდში გუნდი ასეთ მნიშვნელოვან და ისტორიულ გოლს რომ გაიტანს.
მინდა მადლობა ვუთხრა „საბურთალოში“ მომუშავე ყველა პერსონალს – მწვრთნელებს, ფეხბურთელებს, აკადემიას, დუბლშემადგენლობას. ყველანაირად გვერდში მიდგას „საბურთალოს“ დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი. ასევე, მადლიერი ვარ კახა კაშიასი და გოჩა თამაზაშვილის. ყველა ამ ადამიანის გვერდში დგომას ვგრძნობ, რაც ძალიან მახარებს და კიდევ უფრო მეტ სტიმულს მაძლევს.“