„ჟენისს“ ლევან კორღალიძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT
„ჟენისს“ ლევან კორღალიძე უხელმძღვანელებს #1TVSPORT

ლევან კორღალიძე ყაზახეთის პრემიერლიგის „ჟენისის“ მთავარი მწვრთნელია, – ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან ქართველმა სპეციალისტმა დაადასტურა.

„ყაზახეთში ვიყავი და გადაწყდა, რომ„ჟენისთან“ კონტრაქტს გავაფორმებ. დეკემბერში თურქეთში შეკრებაზე მივდივართ და ყველაფერი იქ გადაწყდება. შეკრებაზე ერთმანეთს კარგად გავეცნობით, შრომა და თავდადება არავის დაეკარგება და ამ შეკრებაზე ბევრი რამ გადაწყდება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლევან კორღალიძემ.

„ჟენისი“ გასულ სეზონში ყაზახეთის პირველ ლიგაში თამაშობდა, მაგრამ საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა და ყაზახეთის პრემიერლიგის საგზური მიპოვა. ამაში თავიანთი წვლილი თამაზ მაქაცარიამ და ლაშა კასრაძემ შეიტანეს – პირველი გუნდის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა, მეორე კი თავიდანვე ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე იყო.

43 წლის ქართველი სპეციალისტი ამ პოსტზე რინატ ალიუეტოვს შეცვლის. კორღალიძე ორ თბილისურ კლუბს, „საბურთალოსა“ და „ლოკომოტივს“ წვრთნიდა. „ჟენისი“ ერთ-ერთი ცნობილი ყაზახური კლუბია, რომელიც 2014 წელს გაკოტრდა და გააუქმეს, მაგრამ 2021 წელს ხელახლა დააფუძნეს და სამ სეზონში მეორე ლიგიდან ყაზახეთის პრემიერლიგაში გადავიდა. 2021 წელს გუნდი მეორე ლიგის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა, წელს კი პირველ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა და მთავარი ლიგის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს „ჟენისს“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამაზ სვანაძე ჩაიბარებდა, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.