ქართული ლეგიონი ყაზახეთში | ლევან კორღალიძე - ფეხბურთელებს ახალი სათამაშო სტილის ასათვისებლად დრო სჭირდებათ #1TVSPORT
ქართული ლეგიონი ყაზახეთში | ლევან კორღალიძე - ფეხბურთელებს ახალი სათამაშო სტილის ასათვისებლად დრო სჭირდებათ #1TVSPORT

ყაზახეთის პრემიერლიგის ლიდერმა „ქაირათმა“ (სადაც ლუკა გადრანი და გიორგი ზარია თამაშობენ), „აქტობეს“ უმასპინძლა, 1:3 დამარცხდა და პირველიდან მე-5 ადგილზე დაქვეითდა.

„ჟეტისუმ“ ყარაღანდის „შახტიორი“ 1:0 დაამარცხა. მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში გია ჩადუნელმა და ცოტნე მოსიაშვილმა ითამაშეს, ხოლო სტუმართა შორის – ანტონ თოლორდავამ და იმედა აშორტიამ.

ლუკა იმნაძე და ირაკლი ბუღრიძე „ყიზილ ჟარს“ „ორდაბასთან“ გასვლით შეხვედრაში ქულის მოპოვებაში დაეხმარნენ – 1:1. იმნაძემ სრულად ითამაშა, ბუღრიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. ქართველების გუნდმა სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა.

ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა „ჟენისმა“ „თურანი“ 1:0 დაამარცხა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია. გამარჯვებულების ძირითად შემადგენლობაში ირაკლი ბიძინაშვილმა და ზურაბ თევზაძემ ითამაშეს. „კაისარმა“ შინ „ატირაუსთან“ ქულა მოიპოვეს – 1:1. გიორგი ქობულაძე მასპინძელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.

მატჩის შემდეგ „ჟენისის“ ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, ლევან კორღალიძემ გუნდის ოფიციალურ ვებგვერდთან კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ვცდილობთ მოკლე და საშუალო პასებით ვითამაშოთ, რაც ძალიან რთული სათამაშოა და მის კარგად ასათვისებლად ფეხბურთელებს დროს სჭირდებათ, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ ეს შეგვიძლია“, – განაცხადა ლევან კორღალიძე.