ლევან გორგაძე - ტოჩინოშინი - ოჯახის წევრების, მწვრთნელების, მეგობრების გარეშე იმპერატორის თასს ვერ მოვიპოვებდი
იმპერატორის თასის მოპოვებით ძალიან გახარებული ვარ. თავიდან ასეთ წარმატებაზე არც ვფიქრობდი, რადგან ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა და ამის გამო, დაბალ დივიზიონში დავეშვი, – ამის შესახებ იმპერატორის თასის მფლობელმა ლევან გორგაძემ – ტოჩინოშინმა განაცხადა.
ქართველ ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს იაპონიის იმპერატორის თასი მაყურებლის ოვაციების ფონზე გადაეცა.
„იმ პერიოდში ვფიქრობდი, სუმოსთვის თავი დამენებებინა, მაგრამ გამამხნევეს ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, მწვრთნელებმა, თანაგუნდელებმა. მძიმე მომენტში თანადგომისთვის მათ დღეს საჯაროდ მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ადამიანების გარეშე ასეთ წარმატებას ვერ მივაღწევდი“, – განაცხადა ლევან გორგაძემ.
ტოჩინოშინი პირველი ქართველი და მესამე ევროპელია, რომელიც იაპონიის ნაციონალური სიამაყის, სუმოს იმპერატორის თასის მფლობელი გახდა. გორგაძემ ტიტული ვადამდე გაინაღდა და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი გახდა.
დღეს ქართველმა უკვე ჩემპიონის რანგში ბოლო ბრძოლა იაპონელ ენდო შოთასთან გამართა და ისიც მოიგო. მან ბრძოლის ბალანსი 14:1-ზე აიყვანა.
ბრძოლების დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, სადაც ქართველს იმპერატორის თასი გადაეცა.