ლერი ხაბელოვი - იმედია 2014 წლის შედეგს გავაუმჯობესებთ | მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადა
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა, ბუენოს აირესში მიმდინარე ახალგაზრდული ოლიმპიადის პირველი სამი დღის შედეგები შეაფასა.
„რაც შეეხება ჩვენი გუნდის გამოსვლას, თქვენ იცით, რომ სამი მედალი უკვე მოვიპოვეთ – ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს. ფაქტიურად უკვე გავიმეორეთ ჩინეთში გამართული ოლიმპიადის შედეგი და ჩვენ კიდევ წინ გველის მოჭიდავეთა და კალათბურთელების გამოსვლა. იმედია ამ სახეობებშიც მოვიპოვებთ მედალს.“ – განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.
საქართველოს გუნდს, 2018 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე, სამი საშეჯიბრო დღის შემდეგ სამი მედალი აქვს. ბრინჯაოს მედალი, 10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში, ნინო ხუციბერიძემ მოიპოვა. ვერცხლის მედლები კი ილია სულამანიძეს (ძიუდო) და არჩილ მალაყმაძეს (ძალოსნობა) ერგოთ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ნანძინში გამართულ ოლიმპიადაზე, მედლები თამაზ კირაკოზაშვილმა (ვერცხლი, ძიუდო), მეკი სიმონიამ (ვერცხლი, ჭიდაობა) და ივიკო ჯულახიძემ (ბრინჯაო, ჭიდაობა) მოიპოვეს.